ტელეკომპანია „ჯორჯიან თაიმსის“ ტელეწამყვანის, მაკა რაზმაძის მიერ „ფეისბუკის" პირად გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის საფუძველზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. ცნობა რადიო თავისუფლებას აღნიშნული სამსახურის პრესცენტრში დაუდასტურეს. რაზმაძე უკვე იმყოფებოდა გამოკითხვაზე.
მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პოეტ ზვიად რატიანისგან მიიღო სიძულვილის, შანტაჟის და მუქარის შემცველი გზავნილები. რაზმაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პირადად არ იცნობს ზვიად რატიანს, რომელიც, ჟურნალისტის თქმით, მისი გადაცემების გამო დაემუქრა, მათ შორის, „პირადი ცხოვრების ფაქტების (სინამდვილეში არარსებული) გამოფენით". რაზმაძე ამბობს, რომ „[ზვიად რატიანმა] ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ ვითომ რაღაც ზღაპარი მოიგონა. გული აგერევათ, რომ წაიკითხოთ, რა სიტყვებით მომწერა".
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ზვიად რატიანს. მან გვითხრა, რომ ეს თემა არ აინტერესებს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პრესცენტრის ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას, ესე იგი მის იძულებას, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან. მუხლი ითვალისწინებს შემდეგ სასჯელს - ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ვადით ას ოციდან ას ორმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს, ვადით ორ წლამდე, ანდა შინაპატიმრობას, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცალკე უწყებად ჩამოყალიბების შემდეგ, აღნიშნული მუხლით გამოძიების წარმოების უფლებამოსილება მას გადაეცა.
ზვიად რატიანი დღეს საქართველოში აღარ ცხოვრობს. მას იძულებით მოუწია ქვეყნის დატოვება.
პოეტი ზვიად რატიანი პოლიციამ 2017 წლის 23 დეკემბერს, ღამით, შს სამინისტროს მიერ გამოცხადებული რეიდის დროს, თამარ მეფის გამზირზე დააკავა და, როგორც თავად აცხადებს, რამდენიმე სამართალდამცველი მას რამდენიმე საათის განმავლობაში ფიზიკურად უსწორდებოდა და მოკვლითაც ემუქრებოდა. იმ ღამით ზვიად რატიანს ნარინჯისფერი ქურთუკი ეცვა და, დაზარალებულის თქმით, სწორედ ქურთუკის ფერმა გამოიწვია სამართალდამცველების დამცინავი რეაქციები და აგრესია, შემდეგ კი ის არაერთგზის გახდა პოლიციელების ძალადობის სამიზნე - მათ შორის ავტომობილით გადაყვანისასაც.
2017 წლის 27 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში შსს-მ მტკიცებულებად წარადგინა პოლიციელების მიერ ჩაწერილი მასალა, რომლის თანახმად, პოეტი ზვიად რატიანი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს სამართალდამცავებს. თუმცა, ამ მასალის მიხედვით, გაურკვეველია რატიანის დაკავების გარემოებები და მისი გაღიზიანების მიზეზი. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ჩანაწერი შსს-სგან გამოითხოვა და ეთერში გადასცა. ამის გამო არაერთმა მწერალმა, გამომცემელმა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა საზოგადოებრივ მაუწყებელს ბოიკოტი გამოუცხადეს.