Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსამართლემ სააკაშვილის პროცესი გადადო, ექსპერტების დაშვების შუამდგომლობა განუხილველი დარჩა


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

დღეს, 24 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პროცესი გადადო.

შედეგად, ადვოკატებმა ისევ ვერ მიიღეს პასუხი მოსამართლისგან მიხეილ სააკაშვილთან სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის შეშვებაზე.

სხდომას ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით ვერ ესწრებოდა.

პროცესზე მოსამართლემ მხოლოდ პენიტენციური სამსახურიდან მიღებული ოქმი გაითვალისწინა, რითაც, მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებდა, რომ სხდომა მის გარეშე ჩატარებულიყო.

მოსამართლემ არ გაითვალისწინა ადვოკატების მიერ წარდგენილი განცხადება. მისი თქმით, ეს დოკუმენტი პირველის საწინააღმდეგო შინაარსისაა და სააკაშვილი ამით ითხოვს სხდომა მის გარეშე ჩატარდეს.

ბრალდებულის ერთ-ერთი ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი განმარტავს, რომ სააკაშვილის ხელმოწერილი განცხადებით სასამართლოსგან ითხოვდნენ, პასუხი გაეცა დაცვის მხარის შუამდგომლობაზე და გადაედო მტკიცებულებების გამოკვლევის ნაწილი.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ პენიტენციური სამსახურისა და მათი დოკუმენტები ურთიერთსაწინააღმდეგო არაა და მიხეილ სააკაშვილის ნება ცხადია:

"ოქმი პენიტენციურმა სამსახურმა შეადგინა, რაზეც მიხეილ სააკაშვილი აწერდა ხელს. მტკიცებულებების გამოკვლევა რომ არ უნდა მოხდეს მის გარეშე, ეს ჩვენი განცხადებითაც ირკვევა, უბრალოდ ჩვენ განცხადებაში მივუთითეთ, რომ ამ შუამდგომლობაზე პასუხი გაეცათ. ურთიერთსაწინააღმდეგო არაა ეს ორი დოკუმენტი და ძალიან ნათლად იკვეთება სააკაშვილის ნება".

დიმიტრი საძაგლიშვილი რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ სასამართლო ხელოვნურად იგონებს მიზეზებს, რათა არ თქვას პასუხი ექსპერტების დაშვების შუამდგომლობაზე.

"შუამდგომლობა დაყენებული გვაქვს, პასუხს არ გვეუბნება. აქვე ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ექსპერტის დაშვებას პატიმრობაში მყოფ პირთან არ სჭირდება სასამართლოს ნებართვა. ჩვენ 5 თვეზე მეტია, ამ პრობლემას გვიქმნიან, ამიტომ მოგვიწია სასამართლოსთვის მოთხოვნა. სასამართლო ხელოვნურად იგონებს მიზეზებს, არ თქვას პასუხი ამ შუამდგომლობაზე.

დღევანდელ პროცესზე წარვადგინეთ განცხადება, რომელსაც ხელს აწერდა თავად მიხეილ სააკაშვილი. მასზე მითითებული იყო, რომ მისი [მიხეილ სააკაშვილის] მონაწილეობის გარეშე განხილულიყო დაცვის მხარის შუამდგომლობა", - თქვა საძაგლიშვილმა.

დღევანდელ სხდომაზე დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე უნდა გამართულიყო პროცესი. ამავე საქმეზე, მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG