Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ნათია თურნავა წარადგინა


ნათია თურნავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, ნათია თურნავას კანდიდატურა წარუდგინა. ამის შესახებ დღეს, 24 მაისს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი, ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებიდან.

მისი სიტყვებით, საკითხს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი უახლოეს დღეებში განიხილავენ.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი 7 წლის ვადით ირჩევს. ეროვნული ბანკის შესახებ კანონის მიხედვით, საბჭო 9 წევრისგან უნდა შედგებოდეს. საბჭოში ახლა 7 წევრია, ორი პოზიცია კი ვაკანტურია.

ნათია თურნავა 2019 წლის 18 აპრილიდან 2022 წლის 9 თებერვლამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იყო. ის ამ თანამდებობაზე 2019 წლის 18 აპრილს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დანიშნა. თურნავა თანამდებობას ინარჩუნებდა გიორგი გახარიას პრემიერობის დროსაც.

9 თებერვალს, როდესაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის მინისტრის პოსტზე ნათია თურნავას შემცვლელად ლევან დავითაშვილი წარადგინა, თურნავამ განაცხადა, რომ აქვს სურვილი, გარკვეულწილად შეიცვალოს სფერო და სხვა ასპარეზზე მოსინჯოს ძალები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG