Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აძლიერებს იერიშებს სევეროდონეცკზე, რომლის აღებით კრემლის კონტროლის ქვეშ ლუგანსკის მთელი ოლქი აღმოჩნდება


 რუსეთის განადგურებული სამხედრო ტექნიკა და ბორანი მდინარე სევერსკი დონეცზე
რუსეთის განადგურებული სამხედრო ტექნიკა და ბორანი მდინარე სევერსკი დონეცზე

რუსეთის არმიამ 24 მაისს გააძლიერა იერიში უკრაინის აღმოსავლეთ ლუგანსკის რეგიონის მიმართულებით, რაც მიუთითებს, რომ რუსეთი ამჟამად კონცენტრირებულია დონბასსა და სამხრეთ სანაპიროზე თავისი წარმატების შენარჩუნებაზე.

ამის თაობაზეა საუბარი დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის მორიგ ყოველდღიურ ანგარიშში, რომლის თანახმად, რუსეთის სამხედრო სარდლობა ცდილობს ალყაში მოაქციოს სევეროდონეცკი და განავითაროს შეტევები ლისიჩანსკისა და რუბეჟნოეს მიმართულებით.

ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, რუსეთის ჯარმა ინტენსიური საარტილერიო ცეცხლის შედეგად გარკვეულ ლოკალურ წარმატებას მიაღწია, მაგრამ უკრაინის წინააღმდეგობა საკმაოდ მძლავრია, ხოლო უკრაინის გაერთიანებული ოპერატიული ძალების სარდლობის სტრუქტურა კვლავაც უზრუნველყოფს ფრონტის ამ მონაკვეთის კონტროლს.

მაშინ, როცა რუსეთის სამხედრო აგრესიიდან მეოთხე თვე იწყება, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააფრთხილა უკრაინელები, რომ მომდევნო თვეები სასტიკი იქნება, განსაკუთრებით დონბასში. დავოსის ეკონომიკური ფორუმისადმი მიმართვის დროს ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთმა საომარი ოპერაციის მსვლელობის განმავლობაში პირველ სამ თვეში დაახლოებით 1500 სარაკეტო და 3000 საავიაციო დარტყმა განახორციელა უკრაინაზე.

რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

კიევზე რუსული არმიის წარუმატებელი შეტევის შემდეგ, რუსეთმა ძირითადი ძალები გადაისროლა უკრაინის აღმოსავლეთში, "დონბასზე სრული კონტროლის დასამყარებლად".

რუსეთი უკრაინაში სარაკეტო, საავიაციო და სახმელეთო ძალებს იყენებს არა მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების, არამედ მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგაც. უკრაინის ხელისუფლება რუსეთის მოქმედებას გენოციდად აფასებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG