Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარჯველაძე 17 მაისზე: არ შეიძლება, სძულდეთ ადამიანები იმის გამო, რომ ისინი განსხვავდებიან


მიხეილ სარჯველაძე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე
მიხეილ სარჯველაძე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე

პარტია "ქართული ოცნების" წევრმა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ, სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ქალთა მიმართ ძალადობასა და 17 მაისის, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, არ შეიძლება, ადამიანები სძულდეთ იმის გამო, რომ ისინი განსხვავდებიან.

"ზუსტად ერთი კვირის წინ 17 მაისი იყო, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. ეს დღე ჩვენი საზოგადოების თითოეულმა წევრმა უნდა გამოიყენოს იმისათვის, რათა კარგად გააცნობიეროს, არ შეიძლება, სძულდეთ ადამიანები, მით უმეტეს, გამოხატავდნენ ამ სიძულვილს იმის გამო, რომ ვიღაც მათ გემოვნებას არ შეესაბამება, იმის გამო, რომ ისინი განსხვავდებიან. მით უფრო მიუღებელია, გვიწევდეს ამ განსხვავებული ადამიანების უფლებების არსებობის მტკიცება და ვანდალიზმისგან მათი დაცვის საჭიროებაზე საუბარი", - თქვა მიხეილ სარჯველაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ფემიციდისა და ქალთა მიმართ ძალადობის "ამოსაძირკვად" უნდა გაათმაგდეს ძალისხმევა.

"ბოლო დღეებში ვიხილეთ ქალთა მიმართ ჩადენილი შემზარავი დანაშაულები. ასეთი საზარელი და მხეცური ფაქტები უნდა გვაფიქრებდეს, რისი გაკეთება შეგვეძლო და ვერ შევძელით", - თქვა მან.

ფემიციდი არის მკვლელობა, გენდერული დანაშაული, რომლის მსხვერპლია ქალი და მკვლელობა ხდება ქალის გენდერთან დაკავშირებული მიზეზით.

სახალხო დამცველის 2022 წლის საპარლამენტო ანგარიშის თანახმად, 2021 წელს საქართველოში 22 ქალი მოკლეს. 2020 წელს - 24. 2019 წელს კი - 19 ქალი.

17 მაისს, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ლგბტქ აქტივისტებს საჯარო სივრცეში გამოსვლის საშუალება ან არ ეძლევათ, ან შეზღუდულად, სპეცრაზმის მობილიზებით. ასე ხდებოდა ბოლო წლების განმავლობაში მას შემდეგ, რაც 2013 წლის 17 მაისს რუსთაველის გამზირზე ლგბტ+ თემის წევრებს და უფლებადამცველებს ათასობით ადამიანი დაუპირისპირდა, მათ შორის სასულიერო პირებიც.

2014 წლიდან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ინიციატივით, 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ გამოცხადდა. 2019 წლის შემდეგ აქტივისტებს საჯარო სივრცეში აღარ აღუნიშნავთ ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე.

2021 წლის 5 ივლისს, მაშინ, როცა თბილისის ცენტრალურ გამზირზე "ღირსების მარში" უნდა ჩატარებულიყო, სასულიერო პირებისა და ჰომოფობიური ჯგუფის, "ალტ-ინფოს", მოწოდებით სიძულვილის ჯგუფები შეიკრიბნენ. მათ დაარბიეს "თბილისი პრაიდის" ოფისი და იძალადეს 50-ზე მეტ ჟურნალისტზე. ამ დრომდე პოლიციას არ დაუკავებია ძალადობის ორგანიზატორები.

XS
SM
MD
LG