Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნის სააპელაციო სარჩელი არ დააკმაყოფილეს, მას მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გაგზავნიან


მოსკოვის საქალაქო სასამართლომ უარყო ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სააპელაციო სარჩელი თაღლითობისა და სასამართლოს უპატივცემულობის საქმესთან დაკავშირებული განაჩენის თაობაზე. განაჩენი - თავისუფლების აღკვეთა 9 წლით - უცვლელი დარჩა და ძალაში შევიდა. ახლა ნავალნი ეტაპით უნდა გაგზავნონ მკაცრი რეჟიმის კოლონიაში.

პოლიტიკოსი, რომელიც ამჟამად სხვა საქმესთან დაკავშირებით იმყოფება საერთო რეჟიმის კოლონიაში ვლადიმირის ოლქში, სხდომაზე ვიდეოკავშირის მეშვეობით გამოვიდა სიტყვით.

მან დამსწრეთ შეახსენა, რომ ნავალნის მიერ შექმნილი „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, პროცესის მსვლელობისას მოსამართლე ტელეფონით ესაუბრებოდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელს. ამის თაობაზე „მედიაზონა“ იტყობინება.

ნავალნიმ ასევე ილაპარაკა მეორე მოსამართლეზე, ნატალია რეპნიკოვაზე, რომელმაც შარშან თებერვალში მას „ივ როშეს“ საქმესთან დაკავშირებული პირობითი პატიმრობა რეალური პატიმრობით შეუცვალა. ნავალნის სიტყვებით, მოსამართლემ მას „ნაცნობი ადვოკატების მეშვეობით შეატყობინა“, რომ ნანობს თავის გადაწყვეტილებას და მას „მამაცი ადამიანი“ უწოდა. „გარკვეული ხნის შემდეგ კი ნატალია რეპნიკოვა გარდაიცვალა“, - თქვა ნავალნიმ და აღნიშნა, რომ „ფორმალურად“ ეს კორონავირუსის გამო მოხდა. ოპოზიციონერს პირდაპირ არ უთქვამს, რომ ვინმეზე აქვს ეჭვი მოსამართლის მკვლელობასთან დაკავშირებით, მაგრამ აღნიშნა, რომ ახლა მოსამართლეებს ურჩევს, თავიანთი სინანულის შესახებ „ფრთხილად“ შეატყობინონ მას.

ნავალნი რუსეთის ხელისუფლებას ბრალს სდებს იმაში, რომ 2020 წლის აგვისტოში მან პოლიტიკოსზე თავდასხმა მოაწყო მომწამლავი ნივთიერება „ნოვიჩოკით“. Bellingcat-ის ინფორმაციით, „ნოვიჩოკით“ მოწამლეს რუსეთის კიდევ რამდენიმე ოპოზიციონერი და საზოგადო მოღვაწე. მათგან ზოგიერთი გადარჩა, ზოგი - ვერა.

სამშაბათის ვიდეოგამოსვლაში ნავალნიმ ასევე რუსეთის ხელისუფლებას უწოდა „რუსი ხალხის მტერი, მოღალატე და მკვლელი“ და გამოვიდა უკრაინაში მიმდინარე ომის კრიტიკით. „თქვენი დრო ყოველთვის არ იქნება და თქვენი დრო გაივლის. და როცა ყველანი ჯოჯოხეთის ცეცხლში იქნებით, შეშას შეუკეთებენ თქვენი პაპები, რომლებსაც არ სურდათ, რომ ახალი ომები მოგეწყოთ XXI საუკუნეში“, - მოჰყავს „მედიაზონას“ ნავალნის სიტყვები.

მიმდინარე წლის მარტში ნავალნის მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლომ 9 წლით კოლონია და ჯარიმა მიუსაჯა. ის განსაკუთრებით დიდი მასშტაბის თაღლითობაში ცნეს დამნაშავედ. სასამართლომ მიიჩნია, რომ ნავალნი და მისი ფონდის თანამშრომლები უკანონოდ კრებდნენ შეწირულებებს და საკუთარი მიზნებისთვის ხარჯავდნენ მათ. ნავალნი უარყოფს ბრალეულობას და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. პროცესი გასვლით რეჟიმში იმართებოდა ვლადიმირის ოლქის შრომა-გასწორებით კოლონიაში. ნავალნის ადვოკატები განაჩენის გაუქმებას მოითხოვენ, მათ შორის იმიტომ, რომ სასამართლო პროცესის ასეთ პირობებში შეუძლებელი იყო მოსათათბირებელი ოთახის გასაიდუმლოებული რეჟიმის დაცვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG