Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ მცირე 19 ბავშვია მოკლული აშშ-ში, სკოლაზე თავდასხმისას


ამერიკელი სამართალდამცავები ქალაქ იუვალდის სკოლასთან, სადაც შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. 2022 წლის 24 მაისი

შეიარაღებული თავდასხმა მოხდა აშშ-ში, ტეხასის შტატის ქალაქ იუვალდის დაწყებით სკოლაზე. მოკლულია სულ მცირე 21 ადამიანი, მათ შორის 19 ბავშვი. დაწყებით სკოლაში 11 წლამდე ასაკის ბავშვები სწავლობენ.

პოლიციის ინფორმაციით, სკოლის შენობაში ცეცხლი გახსნა 18 წლის ადგილობრივმა მკვიდრმა, სალვადორ რამოსმა. თავდამსხმელი სკოლაში გამოძახებულმა პოლიციელებმა მოკლეს. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

ტელეკომპანია CBS-ი სამართალდამცავ სტრუქტურებში ორ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ რამოსი შეიარაღებული იყო პისტოლეტით და ნახევრადავტომატური შაშხანით. პოლიციის ინფორმაციით, სკოლაზე თავდასხმამდე რამოსმა ესროლა საკუთარ ბებიას, რომლის მდგომარეობა კრიტიკულია.

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ტრაგედიის შესახებ აცნობეს თვითმფრინავში, რომლითაც აზიური ტურნედან ბრუნდებოდა. ვაშინგტონში ჩასვლისთანავე მან მოქალაქეებს თეთრი სახლიდან მიმართა.

როგორც ჯო ბაიდენმა თქვა, ბავშვის დაკარგვა საკუთარი სულის ნაწილის დაკარგვას ნიშნავს და ეს არის გრძნობა, რომელიც გახრჩობს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ამერიკელებს მოუწოდა, რომ დროა იმოქმედონ და წინააღმდეგობა გაუწიონ მათ, ვინც იარაღის თავისუფლად ფლობას ლობირებს.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განკარგულებით, მსხვერპლთა პატივსაცემად, თეთრ სახლსა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებზე დროშები დაუშვეს.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ჯო ბაიდენის ერთ-ერთი დაპირება იყო ცეცხლსასროლი იარაღის გაყიდვაზე კონტროლის გამკაცრება, თუმცა, კონგრესში საკმარისი მხარდაჭერა არ აქვს იარაღის შეძენამდე პირის მკაცრად შემოწმების დაკანონებას.

ქალაქ იუვალდის სკოლაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ Gun Violence Archive-მა განაცხადა, რომ ეს იყო, ბოლო 144 დღის განმავლობაში, მასობრივი სროლის 212-ე შემთხვევა.

Gun Violence Archive-ის მიერ მაისის დასაწყისში გამოქვეყნებული მონაცემებით, 2022 წლის პირველ ოთხ თვეში, აშშ-ში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იყო 6296 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG