Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ იგორ დოდონს სახელმწიფოს ღალატში ედება ბრალი


იგორ დოდონი
იგორ დოდონი

მოლდოვის ანტიკორუფციულმა პროკურატურამ ბრალდებები წაუყენა ქვეყნის ექსპრეზიდენტ იგორ დოდონს. პოლიტიკოსის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ოთხი საქმეა აღძრული, მათ შორისაა სახელმწიფოს ღალატი და კორუფცია. 26 მაისს პროკურორები სასამართლოს მიმართავენ შუამდგომლობით, რომ ბრალდებული 30 დღე-ღამით იქნეს დაკავებული.

24 მაისს დოდონი 72 საათით დააპატიმრეს. მანამდე მასთან ჩხრეკა ჩატარდა.

დოდონი მის წინააღმდეგ გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

ბრალდების თანახმად, დოდონმა ქრთამი აიღო მოლდაველი ოლიგარქის, ვლადიმირ პლაჰოტნიუკისგან. გამოძიების საბაბი გახდა ვიდეოჩანაწერები, რომლებიც 2019 წელსაა გაკეთებული. ფარული კამერით გადაღებულ ვიდეოზე პლაჰოტნიუკი ცდილობდა, შავი პაკეტი გადაეცა იგორ დოდონისთვის, რომელიც იმხანად მოქმედი პრეზიდენტი იყო. დოდონი მას არ მიეკარა, მაგრამ თქვა, „თქვენ კვლავ პარკით ხართ“, და სთხოვა ვინმე „კოსტასთვის“ გადაეცა ის. ვიდეოში დოდონი და პლაჰოტნიუკი ასევე მსჯელობენ პარლამენტში კოალიციის შექმნაზე, რომელსაც საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნებოდა.

პლაჰოტნიუკი მოლდავური პოლიტიკის „რუხ კარდინალად“ ითვლებოდა. მისი დემოკრატიული პარტია ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური ძალა იყო. რამდენიმე წლის წინ ის იძულებული გახდა, დაეტოვებინა ქვეყანა მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მისმა მომხრეებმა კი გავლენა დაკარგეს.

დოდონი პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსად ითვლება. პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნისას ის არაერთხელ სტუმრობდა მოსკოვში, ასევე ესწრებოდა გამარჯვების აღლუმებს წითელ მოედანზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG