Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდოვის პროკურატურა ყოფილი პრეზიდენტის 30 დღე-ღამით პატიმრობაში დატოვებას ითხოვს


იგორ დოდონი დაკავების მომენტში
იგორ დოდონი დაკავების მომენტში

მოლდოვის პროკურატურამ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, რათა 30-დღიანი პატიმრობა მიესაჯოს ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტ იგორ დოდონს, რომელიც სახელმწიფო ღალატსა და კორუფციაშია ეჭვმიტანილი.

"ანტიკორუფციულმა პროკურატურამ დოდონის 30 დღით დაკავების შუამდგომლობა დააყენა სასამართლოს წინაშე, რომელმაც ეს შუამდგომლობა უნდა შეაფასოს", - განაცხადა 25 მაისს გენერალური პროკურატურის სპიკერმა მარიანა ჩერპეკმა.

24 მაისს დოდონი 72 საათით დააპატიმრეს. მანამდე მასთან ჩხრეკა ჩატარდა.

დოდონი მის წინააღმდეგ გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

ბრალდების თანახმად, დოდონმა ქრთამი აიღო მოლდაველი ოლიგარქის, ვლადიმირ პლაჰოტნიუკისგან. გამოძიების საბაბი გახდა ვიდეოჩანაწერები, რომლებიც 2019 წელსაა გაკეთებული. ფარული კამერით გადაღებულ ვიდეოზე პლაჰოტნიუკი ცდილობდა, შავი პაკეტი გადაეცა იგორ დოდონისთვის, რომელიც იმხანად მოქმედი პრეზიდენტი იყო. დოდონი მას არ მიეკარა, მაგრამ თქვა: „თქვენ კვლავ პარკით ხართ“, და სთხოვა ვინმე „კოსტასთვის“ გადაეცა ის. ვიდეოში დოდონი და პლაჰოტნიუკი ასევე მსჯელობენ პარლამენტში კოალიციის შექმნაზე, რომელსაც საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნებოდა.

პლაჰოტნიუკი მოლდავური პოლიტიკის „რუხ კარდინალად“ ითვლებოდა. მისი დემოკრატიული პარტია ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური ძალა იყო. რამდენიმე წლის წინ ის იძულებული გახდა, დაეტოვებინა ქვეყანა მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მისმა მომხრეებმა კი გავლენა დაკარგეს.

დოდონი პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსად ითვლება. პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნისას ის არაერთხელ სტუმრობდა მოსკოვში, ასევე ესწრებოდა გამარჯვების აღლუმებს წითელ მოედანზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG