საქართველოს პრეზიდენტს და მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II. დედოფლის წერილს საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო აქვეყნებს.
„თქვენო აღმატებულება, მსურს მოგილოცოთ დღევანდელი დღე და საუკეთესო სურვილებს ვუთვლი საქართველოს მოსახლეობას. წლევანდელი წელი განსაკუთრებულია, რადგან ჩვენი ქვეყნები ორმხრივი თანამშრომლობის 30 წელს აღნიშნავენ.
გლობალური გამოწვევების ფონზე, მომავალს იმედიანად ვუყურებ”, - ნათქვამია დედოფლის წერილში.
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.
1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, დღევანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა. რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.
დაწერეთ კომენტარი