Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს ზეციური მფარველის დღე მიულოცა


ფოტო არქივიდან: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე (მარცხნივ), მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი (მარჯვნივ)
ფოტო არქივიდან: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე (მარცხნივ), მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი (მარჯვნივ)

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს მიულოცა „მისი ზეციური მფარველის, მოციქულთასწორის წმინდა კირილეს ხსენების დღე". მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებსაიტზე მილოცვა 24 მაისს გამოქვეყნდა.

„თქვენო უწმინდესობავ!

მიიღეთ თქვენი ანგელოზის დღისადმი მიძღვნილი ჩვენი გულითადი მილოცვა.

მოციქულთასწორთა წმინდა ​ კირილესა და მეთოდეს ლოცვებით ღმერთმა მოგმადლოთ ჯანმრთელობა, მშვიდობა და კეთილდღეობა თქვენს პირველმღვდელთმთავრულ მსახურებაში", - წერს ილია მეორე კირილს.

2022 წლის თებერვალში ილია მეორემ რუსეთის ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა.

16 მაისს კი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო გამოეხმაურა მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მილოცვას ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტისადმი, დე ფაქტო არჩევნებში გამარჯვებასთან დაკავშირებით.

„მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის აღნიშნული წერილი ბადებს გაუგებრობას, რადგან

ა. რუსეთის ეკლესია აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე.

ბ. საქართველოს ეკლესია, საქართველოს სახელმწიფო და საერთაშორისო საზოგადოებაც ცნობს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს, ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედ ადმინისტრაციებს მიიჩნევს საოკუპაციო რეჟიმად.

სამწუხაროა, რომ დღეს, როდესაც მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ურთიერთობების გამყარების ყოველი მცდელობა უმნიშვნელოვანესია, იდგმება ისეთი ნაბიჯები, რომელიც უარყოფითად მოქმედებს არსებულ მდგომარეობაზე და ართულებს ვითარებას", - წერდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG