საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტში ქვეყნის დიასპორას წარმომადგენლები უნდა ჰყავდეს. მან დღეს, 27 მაისს, დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე თქვა, რომ აუცილებელია, დიასპორისთვის მოქალაქეობის მიღების წესი გამარტივდეს და მათ არჩევნებში მონაწილეობა შეეძლოთ.
"ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი დიასპორა არის ჩვენი წარმომადგენელი მსოფლიოში. ამისთვის ერთი რამ არის საჭირო: ის კავშირი, რაც არსებობს დიასპორასა და ქვეყანას შორის, არ იყოს გაწყვეტილი და უნდა გაძლიერდეს. ამას სჭირდება ჩვენი მხრიდან ბევრი რამ. ორმაგი მოქალაქეობის საკითხი უნდა გამარტივდეს და მნიშვნელოვანია, რაც შეფერხებები არსებობს, შემცირდეს... ქვეყნის ინტერესია, რომ დიასპორის იმ წარმომადგენლებმა, რომლებსაც სურთ, რომ ჰქონდეთ ორმაგი მოქალაქეობა, შეძლონ ამის მიღწევა, თავისი შვილებისთვის შეძლონ ადვილად. მეორე, რაც საჭიროა, რომ იყოს ეს კავშირი ცოცხალი, აუცილებელია, მათი ჩართულობა პოლიტიკაში. ამას სჭირდება ერთი რამ, რომ ისინი წარმოდგენილი იყვნენ პარლამენტში...
სანამდე უნდა იყოს, რომ ჩვენ გვყავდეს მილიონზე მეტი ადამიანი უცხოეთში და არჩევნებში მონაწილეობდეს მხოლოდ ათასობით ადამიანი. დღეს, არსებობს არჩევნებში მონაწილეობის მიღების ელექტრონული საშუალებები ჩვენს ქვეყანაში, ეს გამოვცადეთ ბოლო არჩევნებზე და ალბათ, დროა, გადავიდეთ ამ საშუალებების გამოყენებაზე, რომ მივცეთ უცხოეთში მყოფ ქართველებს საშუალება, უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ამით არ არის აუცილებელი, რომ გაიხსნას უამრავი საარჩევნო კომისია, თავისი ყველა პრობლემით. თან, როცა არ ცხოვრობ ისე ახლოს რომელიმე ქვეყანაში დედაქალაქთან, ალბათ, უფრო სხვა საკითხებზე ფიქრობ. ეს, ალბათ, პოლარიზაციასაც ცოტა ქვევით დაწევდა. კიდევ ბევრი რამ არის, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ დიასპორა იყოს უფრო მეტად ჩართული", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
დაწერეთ კომენტარი