Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

AP: რუს ოლიგარქებს შესაძლოა, სანქციები მოუხსნან, თუ უკრაინის აღდგენას დააფინანსებენ


"დიდი შვიდეულის" სახელმწიფოთა ფინანსთა მინისტრების შეხვედრაში, რომელიც 2022 წლის 19 მაისს გერმანიაში გაიმართა, ონლაინ მონაწილეობდა უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიჰალიც
"დიდი შვიდეულის" სახელმწიფოთა ფინანსთა მინისტრების შეხვედრაში, რომელიც 2022 წლის 19 მაისს გერმანიაში გაიმართა, ონლაინ მონაწილეობდა უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიჰალიც

დასავლეთის სახელმწიფოები განიხილავენ შესაძლებლობას, რომ რუსმა ოლიგარქებმა მათ წინააღმდეგ მოქმედი სანქციები გამოისყიდონ უკრაინის აღსადგენად ფულის დახარჯვის სანაცვლოდ. ამის შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს სააგენტო Associated Press-ი.

სააგენტოს წყაროების თანახმად, გასულ კვირაში, გერმანიაში, „დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე, კანადის ფინანსთა მინისტრმა ქრისტია ფრილანდმა კოლეგებს შესთავაზა იდეა, რომ რუს ბიზნესმენებს სანქციები მოუხსნან, თუ ისინი ფინანსურ დახმარებას გაუწევენ ომით დაზარალებული უკრაინის აღდგენას. "დიდი შვიდეულის" წევრები არიან: აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, კანადა და იაპონია.

Associated Press-ი წერს, რომ კანადის ფინანსთა მინისტრს ამ საკითხზე ესაუბრნენ თავად რუსი ოლიგარქები. ზოგიერთ მათგანს ფრილანდი იცნობს იმ პერიოდიდან, როცა ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა და გამოცემა Financial Times-ის მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელობდა.

Associated Press-ის წყაროს თანახმად, რუსი ოლიგარქებისთვის სანქციების შესაძლო გაუქმების საკითხის განხილვის შესახებ ინფორმირებულია უკრაინული მხარეც. როგორც სააგენტო წერს, ჯერჯერობით ეს მხოლოდ იდეაა, თუმცა, დასავლელმა მოკავშირეებმა საკითხისადმი ინტერესი გამოხატეს.

უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა ქვეყნებმა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებში მოაქციეს 30-ზე მეტი რუსი მილიარდერიც. ისინი ვეღარ ახერხებენ უცხოეთის სახელმწიფოებში ბიზნესსაქმიანობას და მრავალმილიარდიანი ქონებით სარგებლობას.

XS
SM
MD
LG