Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონი: რუსეთის არმიამ უკრაინაში ბრძოლებში სულ მცირე 1000 ტანკი და 36 თვითმფრინავი დაკარგა


განადგურებული რუსული სამხედრო ტექნიკა კიევის ოლქში. 23 მაისი, 2022 წელი
განადგურებული რუსული სამხედრო ტექნიკა კიევის ოლქში. 23 მაისი, 2022 წელი

რუსეთის არმია "თანდათანობით წარმატებას" აღწევს უკრაინაში, თუმცა მან უკვე განიცადა ბრძოლებში უდიდესი დანაკარგი. ამის შესახებ, ანონიმურობის დაცვით, 26 მაისს განაცხადა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანმა, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ ამ ფონზე ფრონტზე შექმნილ ვითარებას არ შეიძლება ეწოდოს "საყაიმო".

ანონიმური წყაროს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის არმია "სასტიკ წინააღმდეგობას" უწევს მოწინააღმდეგეს, რუსეთი აგრძელებს მძიმე დარტყმების განხორციელებას დონბასის ტერიტორიაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებზე, ქალაქებსა და სხვადასხვა ობიექტზე.

ტელეკომპანია "სიენენთან" ინტერვიუში სამხედრო ჩინოსანმა აღნიშნა, რომ უკრაინის არმია "ასევე აღწევს თანდათანობით წარმატებას ხარკოვის გარშემო" და კონტრშეტევების შედეგად შეძლო გარკვეული ტერიტორიის უკან დაბრუნება, რომლის ხელში ჩაგდებას უკანასკნელი 90 დღის განმავლობაში ცდილობდა რუსეთი.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რუსეთის ფედერაციის არმიამ დაკარგა სულ მცირე 1000 ტანკი, 36 თვითმფრინავი და 50 შვეულმფრენზე მეტი, მაგრამ რუსეთს ჯერ კიდევ დიდი უპირატესობა აქვს უკრაინის შეიარაღებული ძალებთან შედარებით ტექნიკისა და ცოცხალი ძალის მხრივ. ამერიკელი სამხედროს თქმით, ამჟამად უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედებს რუსეთის 110 საბატალიონო-ტაქტიკური ჯგუფი და რუსეთის ქვედანაყოფებმა შეძლეს მნიშვნელოვნად წაეწიათ წინ სლავიანსკისა და კრამატორსკის მიმართულებით.

პენტაგონის წარმომადგენელმა ახსენა ასევე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება, რომელიც უფლებას აძლევს 50 წელზე უფროსი ასაკი მამაკაცებს გაერთიანდნენ უკრაინის არმიის რიგებში. მანამდე ასაკობრივი ცენზი არ აღემატებოდა 40 წელს. "ჩვენ ვაგრძელებთ თვალის დევნებას იმაზე, თუ როგორ ცდილობს მოსკოვი სხვადასხვა საშუალებით შეავსოს ცოცხალი ძალით ფრონტზე მყოფი ჯარი".

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფები განაგრძობენ უკრაინის არმიის პოზიციებზე ინტენსიურ შეტევას დონეცკის ოლქში.

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობითვე, ხარკოვის მიმართულებით რუსეთის ქვედანაყოფების ძირითადი ძალისხმევა მიმართულია უკვე დაკავებული პოზიციების შენარჩუნებისა და უკრაინის სამხედრო ძალების წინსვლის შეჩერებისკენ.

უკრაინის ხელისუფლება დონბასში რთული ვითარების გამო, პარტნიორი სახელმწიფოებისგან ისევ ითხოვს მძიმე შეიარაღებით სასწრაფოდ დახმარებას. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ 26 მაისს განაცხადა, რომ ქვეყნის აღმოსავლეთში სიტუაცია იმაზე უარესია, ვიდრე ამას ხალხი ამბობს. კულებას თქმით, არტილერიის და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გარეშე, უკრაინა რუსეთის სამხედრო ძალებს უკან ვერ დაახევინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG