Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსეი ნავალნი: ბოლო წლებში იმაზე მეტი რუსი არავის არ დაუხოცავს, რაც პუტინმა დახოცა


ალექსეი ნავალნი ანტისაომარი სიტყვის წარმოთქმის დროს
ალექსეი ნავალნი ანტისაომარი სიტყვის წარმოთქმის დროს

პატიმრობაში მყოფმა რუსმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ, ისარგებლა სასამართლოს წინაშე გამოსვლის შესაძლებლობით და ამ კვირაში მწვავე და მრისხანე ანტისაომარი სიტყვა წარმოთქვა, რომელშიც რუსეთის ხელისუფლების ყველა შტო, პრეზიდენტ პუტინის ხელმძღვანელობით, უკრაინელი და რუსი ხალხის დახოცვაში დაადანაშაულა.

"თქვენი სისტემა, თქვენი პუტინი და თქვენი მოხელეები ახლა რუსეთის მტრები არიან. რუსი ხალხის გამყიდველები და რუსი ხალხის მკვლელები არიან ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ამ ბოლო წლების განმავლობაში არავის არ დაუხოცავს იმაზე მეტი რუსი ხალხი, ვიდრე პუტინმა.

მთლიანობაში, რასაც თქვენ, თქვენს ხალხთან ერთად აკეთებთ, არის ნონსენსი, ნამდვილი ისტორიული ნონსენსი და, რა თქმა უნდა, თქვენ ყველანი ისტორიულ მარცხს განიცდით. ისევე როგორც ისტორიულ მარცხს იწვნევთ იმ იდიოტურ ომში, რომელიც თქვენ და თქვენმა პუტინმა გააჩაღეთ", - განაცხადა 24 მაისს ალექსეი ნავალნიმ.

პოლიტიკოსი, რომელიც საერთო რეჟიმის კოლონიაში ვლადიმირის ოლქში იხდის სასჯელს, სასამართლოს სხდომაზე ვიდეოკავშირის მეშვეობით ჩაერთო. ნავალნის გამოსვლის როგორც აუდიო, ისე ტექსტური ვერსიები მეტ-ნაკლები სისრულით რამდენიმე საინტერნეტო გამოცემამ, მათ შორის, "მედიაზონამ" და "მედუზამ" გაავრცელეს.

„ამჟამად თქვენი დროა. წყვდიადის მეუფება. მაგრამ თქვენი დრო ყოველთვის არ იქნება და თქვენი დრო გაივლის. და როცა ყველანი ჯოჯოხეთის ცეცხლში იქნებით, შეშას შეუკეთებენ თქვენი პაპები, რომლებსაც არ სურდათ, რომ ახალი ომები მოგეწყოთ XXI საუკუნეში“, - მოჰყავს „მედიაზონას“ ნავალნის სიტყვები.

მიმდინარე წლის მარტში ნავალნის მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში და ჯარიმა მიუსაჯა. ის განსაკუთრებით დიდი მასშტაბის თაღლითობაში ცნეს დამნაშავედ. სასამართლომ მიიჩნია, რომ ნავალნი და მისი ფონდის თანამშრომლები უკანონოდ კრებდნენ შეწირულებებს და საკუთარი მიზნებისთვის ხარჯავდნენ მათ.

24 მაისის სხდომაზე, სადაც ნავალნი პოლიტიკური სიტყვით გამოვიდა, სასამართლომ უარყო მისი სააპელაციო სარჩელი და თაღლითობისა და სასამართლოს უპატივცემულობის საქმესთან დაკავშირებული განაჩენი ძალაში დატოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG