Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახმეტაში "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისის გახსნა გააპროტესტეს 


ახმეტაში "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისის გახსნა გააპროტესტეს. 28 მაისი
ახმეტაში "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისის გახსნა გააპროტესტეს. 28 მაისი

“არა რუსეთს, არა მონობას, არა ალტ-ინფოს” - ამ შინაარსის ტრანსპარანტებით ხელში 20-მდე ახალგაზრდა ახმეტაში, პრორუსულ და ძალადობრივ ჯგუფ „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული პარტიის, "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისის წინ მივიდა და ორგანიზაციის ოფისის გახსნა გააპროტესტა.

აქციის მიმდინარეობისას „კონსერვატიული მოძრაობის“ წევრებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ვითარება მას შემდეგ განიმუხტა, რაც ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. პოლიციამ ტერიტორიიდან ორი პირი განარიდა.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის მათე წვერაძის თქმით, პროტესტის ასეთი ფორმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იქამდე გაგრძელდება, სანამ "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისები საერთოდ არ დაიხურება.

რამდენიმე თვეა, „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისები კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში გაიხსნა. რამდენიმე კვირის წინ მათ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა ლაგოდეხსა და საგარეჯოში.

"კონსერვატიული მოძრაობა" ტელეკომპანია "ალტ-ინფოს" თანამოაზრეების მიერ დაფუძნებული პოლიტიკური პარტიაა. ორივე ეწინააღმდეგება საქართველოში ლიბერალური ღირებულებების დამკვიდრებას. სწორედ "ალტ-ინფოს" მოწოდებით შეიკრიბნენ ჰომოფობიური ჯგუფები 2021 წლის 5 ივლისს თბილისის ქუჩებში და 50-ზე მეტ ჟურნალისტზე იძალადეს. პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებია ამ ძალადობის ორგანიზატორები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG