Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში ჯერ ვერ აუქმებენ რეფერენდუმს რუსეთთან შეერთების საკითხზე


ცხინვალი, საქართველო
ცხინვალი, საქართველო

არ არსებობს საფუძველი, რომლის მიხედვითაც უნდა გადავდოთ რეფერენდუმი რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ - როგორც იტყობინება, ასეთი პასუხი მიიღო „რია ნოვოსტიმ“ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

ოკუპირებული რეგიონის ძველი ლიდერის, ანატოლი ბიბილოვის მიერ ხელმოწერილი ბრძანების საფუძველზე, უკანონო რეფერენდუმი ცხინვალის რეგიონში 17 ივლისს არის დანიშნული.

ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. ცესკოში „რია ნოვოსტის“ განუმარტეს, რომ უკვე დანიშნული რეფერენდუმის გაუქმებას სასამართლოს გადაწყვეტილება ესაჭიროება.

მიმდინარე კვირაში მოსკოვიდან გარკვევით უთხრეს ოკუპირებული ტერიტორიის ლიდერებს, რომ ისინი არ ემხრობიან რეფერენდუმის ჩატარებას. მიზეზებს შორის იყო ისიც, რომ მოსკოვში არ აკმაყოფილებთ სიტყვა „გაერთიანება“, რომელიც რეფერენდუმის შეკითხვაში ფიგურირებს.

24 მაისს პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ სიტყვა „გაერთიანება“ თავის თავში ახალი სახელმწიფოს შექმნას გულისხმობს, რაც არ იგეგმება და „ალბათ, საჭიროა უბრალოდ ცოტათი დაფიქრება ფორმულირებაზე იურიდიული კუთხით“.

მიუღებელი სიტყვის ალტერნატივად კრემლი სავარაუდოდ „შეერთებას“ განიხილავს, თუმცა პესკოვი დეტალებს აღარ უღრმავდება. „ამ შემთხვევაში და ამასთან დაკავშირებით, რუსეთის მხრიდან არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა და არ იგეგმება“ - ასეთია მისი განცხადება რეფერენდუმის შესაძლო ჩატარებასთან დაკავშირებით.

სიტყვა "გაერთიანება" მიზნის მიღწევისთვის დამაზიანებლად მიაჩნიათ ოკუპირებული ტერიტორიის პოლიტიკურ სპექტრშიც. ადგილობრივი სააგენტო "РЕС"-ი აქვეყნებს პარტია «Фыдыбæстæ»-ს ლიდერის, ვიაჩესლავ გობოზოვის შეფასებებს, სადაც ის აკრიტიკებს ხელისუფლებას რეფერენდუმის შეკითხვის არასწორად ჩამოყალიბებისთვის.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მოცემულ სიტუაციაში მოსკოვს მსგავსი რეფერენდუმის ჩატარება არ აძლევს ხელს. თუმცა მას საბოლოო უარი არ უთქვამს, ასეთი რეფერენდუმის მომავალში ჩატარებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG