Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის არმიაში 60-65 წლამდე ასაკის ადამიანებს მიიღებენ


გამარჯვების აღლუმისთვის მზადება რუსეთში. 8 მაისი, 2022 წელი.
გამარჯვების აღლუმისთვის მზადება რუსეთში. 8 მაისი, 2022 წელი.

რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა, მანამდე სათათბიროსა და ფედერაციის საბჭოს მიერ ძალიან დაჩქარებული წესით დამტკიცებულ კანონს, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის საკონტრაქტო სამსახურისთვის შესაბამის ასაკობრივ ზღვარს.

თუკი ადრე პირველი კონტრაქტის გაფორმება რუსეთის მოქალაქეებისთვის - 40 წლამდე, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის 30 წლამდე იყო შესაძლებელი, ახალი კანონით, ამის გაკეთება შესაძლებელი ხდება საპენსიო ასაკამდე: ქალებისთვის - 60 წლამდე, ხოლო კაცებისთვის - 65 წლამდე.

ექსპერტებისთვის ნათელია, რომ ცვლილებები პირდაპირ უკავშირდება უკრაინაში მიმდინარე ომში მეტი ადამიანის ჩართვის მიზანს. როგორც საკანონმდებლო ცვლილებების ავტორები, რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტში, აღნიშნავენ - მაღალი სიზუსტის შეიარაღებისა და სხვა საბრძოლო ტექნიკის გამოყენებას ესაჭიროება კარგი გამოცდილების მქონე პროფესიონალები, ხოლო „ამას ისინი 40-45 წლის ასაკში აღწევენ“.

სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლება უკრაინაში გასაგზავნი მებრძოლების მობილიზაციას ფარულად ახდენს; ხოლო თავად რუსეთის მოქალაქეების მხრიდან განსაკუთრებული ენთუზიაზმი არ ვლინდება.

მაისში ბრიტანეთისა და ამერიკის რამდენიმე მედიასაშუალება სადაზვერვო წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ვლადიმირ პუტინმა შესაძლოა მობილიზაცია გამოაცხადოს უკრაინაში რუსეთის არმიის წარუმატებლობების ფონზე. კრემლმა ამ გეგმებს „ტყუილი“ და „სისულელე“ უწოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG