კანის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი - ოქროს პალმის რტო - მოიპოვა შვედი რეჟისორის, რუბენ ესტლუნდის ფილმმა „სევდის სამკუთხედმა“. კინოფესტივალის ლაურეატები შაბათს საღამოს გამოაცხადეს.
გრან პრი გაიყვეს ლუკას დონტის სურათმა „ახლოს“ და კლერ დენის ფილმმა „ვარსკვლავები შუადღეს“. საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მოიპოვა სამხრეთკორეელმა პაკ ჩან უკმა.
კინოფესტივალის გახსნაზე აჩვენეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა. მან პარალელი გაავლო კინოეკრანზე ომისა და დიქტატურის ასახვასა და იმას შორის, რის წინაშეც აღმოჩნდა უკრაინა რეალობაში. „დარწმუნებული ვარ, დიქტატორი დამარცხდება. ჩვენ ამ ომს მოვიგებთ. დიდება უკრაინას!“ - განაცხადა ზელენსკიმ.
კანის კინოფესტივალზე საჯაროდ დაგმეს უკრაინაში ომი და რუსეთის აგრესია. რუსეთის ოფიციალურ დელეგაციას წელს აეკრძალა ფესტივალზე დასწრება. პროგრამაში რუსი კინორეჟისორის, კირილ სერებრენიკოვის ფილმის, „ჩაიკოვსკის ცოლის“ მონაწილეობამ დისკუსიები გამოიწვია. თავად სერებრენიკოვი უკრაინაში ომის წინააღმდეგ გამოვიდა. ყურადღება მიიპყრო უკრაინელი რეჟისორის, სერგეი ლოზნიცას გამოსვლამ. მან უარყო მოთხოვნები, რომლებიც ომის ფონზე გაისმის, რომ რუსულ კულტურას ბოიკოტი გამოეცხადოს.
უკრაინულმა ძაღლს, ჯერ-რასელ-ტერიერს სახელად პატრონს, რომელიც მაშველებთან ერთად მუშაობს და ნაღმებს ეძებს, მიენიჭა პრემია Palm Dog Award-ი („პალმის ძაღლის პრემია“). ამ პრემიას აკუთვნებენ კინოკონკურსში მონაწილე ფილმში გადაღებულ ძაღლს.