საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე პოლიტიკურ ჯგუფებს ერთიანობისკენ მოუწოდებს და შეახსენებს, რომ ეს საზოგადოების დაკვეთაა. ამის შესახებ პრეზიდენტმა სამი არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ კონფერენციაზე - "უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე" - ისაუბრა.
"ერთიანობა არის აუცილებელი, რომ საქართველო თავის ადგილზე დადგეს. ჯერ შეიძლება პოლიტიკურმა ძალებმა ვერ გაითავისეს, რომ საზოგადოებისგან ასეთი დაკვეთა არსებობს...
როგორც კი ხედავ, რომ მსოფლიო შენ ირგვლივ იცვლება, ჩნდება ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები, ახალი არქიტექტურა იქმნება, ამ შემთხვევაში, მით უმეტეს პატარა ქვეყანაში, რომელიც თავს დაცულად ვერ გრძნობს, უფრო მეტი მოთხოვნაა გაერთიანების", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
მანვე ყურადღება გაამახვილა რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე და იმ ხედვაზე, რომელიც შეიძლება საქართველოს ჰქონდეს ამ დროს:
"ვერ განვსაზღვრავთ, რა იქნება რუსეთის რეაქცია მორალური მარცხისა და იზოლაციის შედეგად, რომელიც შეიძლება განახლებული აგრესიით მიუბრუნდეს სხვა მეგობრებს, მათ შორის საქართველოს, რომელის საფრთხეც არსებობს, თუნდაც რეფერენდუმის სახით.
მთავარია, ამ ახალი საფრთხეებისა და შესაძლებლობების ფონზე ვიცოდეთ, ჩვენ რა გვინდა და როგორ გვინდა. მთავარია, მსოფლიოს ვაჩვენოთ, თუნდაც თვითონ ორჭოფობდეს შემდეგი ნაბიჯების გადადგმის შესახებ, ჩვენი არჩევანი რომ ურყევია - ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სიტყვების ქვეშ ყველა ძალა უნდა იყოს გაერთიანებული".
საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს საქართველოს ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის, მიერ გაკეთებული კომენტარების მიხედვით, მოელიან, რომ საქართველო შევსებულ კითხვარზე პასუხს ივნისის ბოლოს მიიღებს.
დაწერეთ კომენტარი