Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე: ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატობაზე უარის თქმის არავითარი მიზეზი არა აქვს


ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ დღეს, 30 მაისს, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივებზე ისაუბრა და თქვა, რომ ევროკავშირს არანაირი მიზეზი არ აქვს, უარი უთხრას საქართველოს. კობახიძის შეფასებით, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ვალდებულების მნიშვნელოვანი ნაწილი (45%) შესრულებული აქვს და უკრაინაზე და მოლდოვაზე მეტად იმსახურებს სტატუსს.

"საქართველო ყველა შესაბამისი პარამეტრით წინ უსწრებს ორივე აპლიკანტ ქვეყანას, რასაც ვერავინ უარყოფს. მათ შორის, საქართველოს უკვე შესრულებული აქვს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 45 პროცენტი, რაც უპრეცედენტო შედეგია. ამ მონაცემებით, საქართველო არა მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას, არამედ უკვე კანდიდატის სტატუსის მქონე ზოგიერთ ქვეყანასაც კი უსწრებს", - თქვა ირაკლი კობახიძემ და განმარტა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ევროკავშირს საქართველოსთან მიმართებაში არც დამატებით ფინანსურ ვალდებულებას აკისრებს და არც კონკრეტულ ვადას უწესებს გაერთიანებაში საქართველოს მისაღებად.

"იმ პირობებში, როდესაც კანდიდატის სტატუსი ევროკავშირს არც დაფინანსების და არც გაწევრიანების კუთხით არავითარ ვალდებულებას არ აკისრებს, გაუგებარია, რატომ უნდა უთხრას მან საქართველოს სახელმწიფოს და ქართველ ხალხს უარი ამ სტატუსზე, როდესაც ჩვენი ქვეყანა და ხელისუფლება გამორჩეულია გაწევრიანებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისითაც.

ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი იქნება ორი თვალსაზრისით: პირველი, ამით, ევროკავშირი გამოხატავს სოლიდარობას სამი ქვეყნის მიმართ, რომლის ტერიტორიები რუსული ოკუპაციის ქვეშაა; და მეორე, კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ევროკავშირი აცხადებს, რომ არ ეშინია რუსული რეაქციის და პრინციპულ პოზიციას ავლენს სამი ქვეყნის მხარდაჭერის საკითხში.

რისთვის შეიძლება უღირდეს ევროკავშირს ამის საპირისპირო გზავნილის გაჟღერება, სრულიად გაუგებარია. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რატომაც ევროკავშირის უარი კანდიდატის სტატუსზე სრულიად ალოგიკური იქნებოდა. ევროკავშირის მხრიდან ეს იქნებოდა ზუსტად ისეთივე ალოგიკური გადაწყვეტილება, როგორიც უკრაინის ხელისუფლების მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევა იყო", - თქვა ირაკლი კობახიძემ. მან დღევანდელ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ გაიმეორა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ არაერთხელ ნათქვამი ბრალდება ოპოზიციის მისამართით, თითქოს, ისინი ცდილობენ დასავლელი პარტნიორების დარწმუნებას იმაში, რომ საქართველო, ამ ხელისუფლების პირობებში, არ იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. კობახიძის შეფასებით, არასერიოზულია საქართველოში პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე საუბარი "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენების გამო.

"საუბარი იმაზე, რომ ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატობაზე უარი ერთი სახელმწიფოზე გადამტერებული და ეკლესიის მაგინებელი კრიმინალის გამო შეიძლება უთხრას, რომელიც 9-წლიანი დანაშაულებრივი რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი და იდეოლოგი იყო, რომელიც ქართული პოლიტიკის პოლარიზაციაში საკვანძო როლს ასრულებს და რომელმაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ 7 მილიონით გაძარცვა, უბრალოდ, ღიმილისმომგვრელია და ეს ვერსია სერიოზულ განხილვას არ ექვემდებარება.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ უკრაინაში წინა ორ პრეზიდენტზეა აღძრული სისხლის სამართლის საქმე. მოლდოვაში კი, წინა პრეზიდენტზე სისხლის სამართლის საქმე მას შემდეგ აღძრეს, რაც მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე განაცხადი შეიტანა. ამასთან, მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი საქმის აღძვრიდან რამდენიმე დღეში დააპატიმრეს კიდეც. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ სააკაშვილი და გვარამია ბევრად უფრო მძიმე დანაშაულებში არიან მხილებული თუ ბრალდებული, ვიდრე პეტრო პოროშენკო, ვიქტორ იანუკოვიჩი ან იგორ დოდონი", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, "რადიკალურ ოპოზიციას", რომელიც ევროინტეგრაციის პროცესისთვის ზიანის მიყენებას ცდილობს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭებაზე უარის თქმის შემთხვევაში, კონკრეტული გეგმა აქვს. მისი განცხადებით, ამ გეგმის მიზანი ხელისუფლების ცვლილებაა: "[უარს] მოჰყვება საზოგადოების მღელვარება, "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი სატელიტების მიერ ხელისუფლების გადატრიალება და ომში საქართველოს ჩართვა", - ამბობს ირაკლი კობახიძე.

საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს საქართველოს ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG