Accessibility links

site logo site logo

იან კელი და დევიდ კრამერი: „პუტინი მარცხდება უკრაინაში, იმარჯვებს საქართველოში“


იან კელი (მარცხნივ) და დევიდ კრამერი

მაშინ, როცა უკრაინელები რუსეთის იერიშს უმკლავდებიან, საქართველო არასწორი მიმართულებით მიემართება - ასეთ დასკვნას შეიცავს 24 მაისს გამოცემა The Bulwark-ში გამოქვეყნებული სტატია, რომლის ავტორები არიან აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი, და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი.

ავტორები აღნიშნავენ, რომ მაშინ, როცა საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ნატოსა და ევროკავშირთან დაახლოების მომხრეა, ქვეყნის მთავრობა სხვა არჩევანს აკეთებს.

კერძოდ, უკრაინაში კრიზისის პერიოდში საქართველოს მმართველობა სულ უფრო მეტად მოგვაგონებს რუსულ მოდელს ერთპარტიული მართვითა და ოპოზიციის დევნით,“ წერენ კელი და კრამერი სტატიაში, რომლის სათაურია „პუტინი მარცხდება უკრაინაში, მაგრამ იმარჯვებს საქართველოში“.

მათი თქმით, შეერთებულმა შტატებმა და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა უნდა გამოიყენონ საქართველოზე თავიანთი გავლენა და მოთოკონ ეს დესტრუქციული ძალები.

ავტორთა თანახმად, ავტორიტარიზმისკენ საქართველოს სვლის უკანასკნელი მაგალითია გასულ კვირაში „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას გასამართლება პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით“.

კელი და კრამერი წერენ, რომ საქართველოს მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ მყარად აკონტროლებს სასამართლოსა და კანონაღსრულების სისტემას არა მხოლოდ იმისთვის, რომ თავის სასარგებლოდ უზრუნველყოს სასამართლოს განაჩენები, არამედ იმისთვისაც, რომ არ დაუშვას ძლიერი ოპოზიციის არსებობა. ამის მაგალითად მათ მოჰყავთ, მათი თქმით, ოპოზიციის ლიდერთა „დემონიზაციისა“ და „დევნის“ კამპანია, მათ შორის ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ.

სტატიის ავტორთა აზრით, საქართველოს მთავრობა, როგორც ჩანს, გადაწყვეტილებებს იღებს არა იმის მიხედვით, თუ რამდენად შეუწყობს ესა თუ ის პოლიტიკა ხელს დასავლურ ნორმებთან დაახლოებას, არამედ იმის მიხედვით, გაანაწყენებს თუ არა ის კრემლის დიქტატორს“.

თავის საშინაო პოლიტიკაში მთავრობა განუხრელად ახდენდა ძალაუფლების კონცენტრაციას ხელისუფლების სამივე შტოში და ახდენდა იმ ინსტიტუტების მარგინალიზაციას ან დემონტაჟს, რომლებსაც შეიძლება გაეკონტროლებინა ეს ძალაუფლება,“ წერენ იან კელი და დევიდ კრამერი და დასძენენ, რომ ეს განსაკუთრებით ცხადად ჩანს იმაში, რომ მთავრობა ეწინააღმდეგება, გაატაროს რეფორმები სასამართლო სისტემაში, რისკენაც მას მოუწოდებენ აშშ, ევროკავშირი და არასამთავრობო სექტორი.

აქვე ავტორები შენიშნავენ, რომ ძალაუფლების კონცენტრაციისკენ მიდრეკილება და ოპოზიციის დევნა საქართველოს წინა მთავრობებისთვისაც იყო დამახასიათებელი. მაგრამ, მათი თქმით, „ქართული ოცნების“ შემთხვევაში რადიკალური განსხვავება ისაა, რომ ის რუსეთის სიამოვნებას ცდილობს და უგულებელყოფს დასავლეთის შეშფოთებას რეფორმების ნელა გატარების თაობაზე. ამის მაგალითებად კელი და კრამერი ასახელებენ საარჩევნო სისტემის თაობაზე შეუთანხმებლობას, ისეთი ორგანიზაციებისა და ჯგუფების მხარდაჭერას, რომლებიც ძირს უთხრიან დასავლურ ღირებულებებს და ხელს უწყობენ რუსეთთან კულტურულ კავშირებს, ასევე ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერებას.

სტატიის მიხედვით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში ყველაზე შემაშფოთებელია უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ დამოკიდებულება. ავტორთა თქმით, მაშინ, როცა საქართველო უკრაინის „ბუნებრივი მოკავშირე“ უნდა იყოს, საქართველოს მთავრობა უარს ამბობს რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე, ხელს უშლის საკუთარ მოქალაქეებს უკრაინაში საბრძოლველად გამგზავრებაში, ასევე ვრცელდება ინფორმაცია სავარაუდო მცდელობებზე, დახმარება გაუწიოს რუსეთს მისთვის დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლაში.

რატომ აირჩია საქართველომ რუსეთის დამშვიდების კურსი, განსაკუთრებით მაშინ, როცა საკუთარ თავზე გადაიტანა რუსული აგრესია, და რატომ ესხმის ის თავს უკრაინის ლიდერებს? - კითხულობენ იან კელი და დევიდ კრამერი.

მათი აზრით, პასუხი საძიებელია რუსეთთან საკუთარი ეკონომიკური კავშირების დაცვაში, რაშიც ადანაშაულებენ „ქართული ოცნების“ წამყვან წევრებს, კერძოდ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს.

ავტორების თქმით, ივანიშვილისთვის საგულისხმო უნდა იყოს ის ფაქტი, რომ შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა უკრაინელ ოლიგარქ იჰორ კოლომოისკის და მოლდოველ ოლიგარქ ვლადიმირ პლაჰოტნიუკს.

მათი თქმით, ეს ორი შემთხვევა მიუთითებს, რომ აშშ სანქციებს უწესებს ამერიკისადმი მეგობრულად განწყობილი ქვეყნების მოქალაქეებსაც.

ეს ძალზე საჭიროა და დიდი ხანია ამის დრო დადგა ივანიშვილის შემთხვევაშიც,“ აღნიშნავენ სტატიის ავტორები და შენიშნავენ, რომ კოლომოისკი და პლაჰოტნიუკი აღარ არიან თავიანთი ქვეყნების ხელისუფლებაში, საქართველოს შემთხვევაში კი ვითარება სხვაგვარადაა: ივანიშვილი და მისი ახლო გარემოცვა არ არიან ამომრჩეველთა მიმართ ანგარიშვალდებულნი, თუმცა აშკარად სარგებლობენ უზარმაზარი გავლენით მთავრობის გადაწყვეტილებებსა და პოლიტიკაზე“.

რუსეთის პერიფერიაზე არსებობს რამდენიმე დამთმობი რეჟიმი, რომლებსაც ეშინიათ ევროკავშირთან და ნატოსთან თანამშრომლობა, რათა არ გამოიწვიონ პუტინის რისხვა. ჯერ არც ისე გვიანაა, ხელი შევუშალოთ საქართველოს, რომ ერთ-ერთ ასეთ რეჟიმად იქცეს,“ მიაჩნიათ სტატიის ავტორებს. ისინი შეერთებულ შტატებსა და მის ევროპელ მოკავშირეებს მოუწოდებენ, მეტი გააკეთონ, რათა საქართველოს აჩვენონ ამ ტენდენციების გამო შეშფოთება.

მათ უნდა იმოქმედონ, რათა ელი შეუშალონ საქართველოს მთავრობას და განსაკუთრებით მათ, ვისაც კულისებს მიღმა უპყრია ძაფები, რომ მიიღონ გადაწყვეტილებები და გაატარონ პოლიტიკა, რომელიც საქართველოს აშორებს დასავლეთს და რუსეთთან აახლოებს,“ დაასკვნიან იან კელი და დევიდ კრამერი The Bulwark-ში 24 მაისს გამოქვეყნებულ სტატიაში „პუტინი მარცხდება უკრაინაში, მაგრამ იმარჯვებს საქართველოში“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG