უკრაინულმა ჯგუფმა Kalush Orchestra-მ, რომელმაც წელს „ევროვიზიის“ კონკურსში გაიმარჯვა, 900 ათას დოლარად გაყიდა აუქციონზე თავისი პრიზი „ბროლის მიკროფონი“.
აუქციონის ტრანსლაცია YouTube-ით გაიმართა. აქცია მოაწყო ტელეწამყვანისა და საზოგადო მოღვაწის, სიარჰი პრიტულას საქველმოქმედო ფონდმა. გამარჯვებულმა ფსონი კრიპტოვალუტით დადო უკრაინის კრიპტოვალუტის ერთ-ერთი ბირჟიდან.
პრიტულამ ადრე თქვა, რომ შეგროვებული ფულით ორგანიზატორებს სურთ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის უპილოტო საფრენი აპარატი შეიძინონ.
კვირას ბერლინში, ბრანდენბურგის ჭიშკართან, გაიმართა საქველმოქმედო შოუ "Save Ukraine - #StopWar" („იხსენით უკრაინა - შეაჩერეთ ომი“), რომელშიც მსოფლიო ვარსკვლავები მონაწილეობდნენ, მათ შორის იყო ჯგუფი Kalush Orchestra-ც. შეწირულებები მოხმარდება უკრაინის თორმეტი ოლქის საავადმყოფოებს, რომლებშიც მკურნალობენ ისინი, ვინც რუსეთის მიერ დაწყებულ ომში დაიჭრა.
ლიეტუვის მაცხოვრებლებმა 5 მილიონი ევრო შეაგროვეს უკრაინის არმიისთვის თურქული დრონის, „ბაირაქტარის“ შესაძენად. საჭირო თანხის შეგროვების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუშაუსკასმა.
როგორც ცნობილია, უკრაინის არმია რუსეთის ჯარების წინააღმდეგ წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში ფართოდ და ეფექტიანად იყენებს უპილოტო საფრენ აპარატებს როგორც საჰაერო დარტყმების, ისე დაზვერვისთვის.