ევროკავშირის ლიდერები დღევანდელ სამიტზე უნდა შეთანხმდნენ, რომ სანქციების მორიგ პაკეტში, რომელიც მზადდება, უნდა შევიდეს რუსეთიდან ნავთობის იმპორტზე ემბარგო, მაგრამ გამონაკლისები იქნება დაშვებული ნავთობსადენებით ნავთობის ტრანსპორტირებისთვის. ამ ზომას ევროკავშირი მიმართავს უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ.
ვინაიდან ნავთობის ემბარგოსთან დაკავშირებულ ყველა დეტალზე შეთანხმება ვერ მოხერხდა, ევროკავშირის ლიდერები პაკეტის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებენ.
„ევროპული საბჭო თანხმდება, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი შეეხება რუსეთიდან [ევროკავშირის] წევრ ქვეყნებში მიწოდებულ ნედლ ნავთობს, ასევე ნავთობპროდუქტებს. გამონაკლისს წარმოადგენს ნედლი ნავთობის მიწოდება ნავთობსადენებით“, - ნათქვამია ევროპული საბჭოს სამიტის დასკვნითი დოკუმენტის პროექტში, რომელიც რადიო თავისუფლებამ მოიპოვა.
„ამიტომ ევროპული საბჭო მოუწოდებს [საზოგადო საკითხების] საბჭოს, გაჭიანურების გარეშე დაასრულოს მასზე მუშაობა და მიიღოს ის და ამით უზრუნველყოს ევროკავშირის ერთიან ბაზარზე პატიოსანი კონკურენცია და თანაბარი პირობები, ასევე წევრ ქვეყნებს შორის სოლიდარობა მიწოდების მოულოდნელი შეწყვეტის შემთხვევებში“, - ნათქვამია დოკუმენტის პროექტში.
მასში ასევე ნახსენებია, რომ ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა „რაც შეიძლება სწრაფად გადაწყვეტს საკითხს ნავთობსადენებით ნედლი ნავთობის მიწოდების შემთხვევაში დაშვებული დროებითი გამონაკლისის საკითხს.“
მაგისტრალური მილსადენების სისტემა „დრუჟბა“ რუსეთიდან ბელარუსის გავლით, ნავთობს აწვდის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს. უნგრეთი სწორედ ამ მილსადენით იღებს ნავთობის 65%-ს.
ევროკავშირისგან რუსული ნავთობის, როგორც ომის დაფინანსების ერთ-ერთი მთავარი წყაროს იმპორტის აკრძალვას ითხოვს უკრაინის ხელისუფლება. ევროკავშირის ლიდერთა სამიტს, რომელიც დღეს იხსნება, ონლაინ მიმართავს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
დაწერეთ კომენტარი