ლუგანსკის ოლქში საარტილერიო ცეცხლს საევაკუაციო ავტომობილში მყოფი "BFM TV"-ის ჟურნალისტი ფრედერიკ ლეკლერკი ემსხვერპლა.
„ლუგანკის ოლქიდან ევაკუაციის პროცესი ოფიციალურად შეჩერებულია, „რაშისტებმა“ ხალხის წამოსაყვანად მიმავალ ავტომობილს ესროლეს. დაიღუპა ფრანგი ჟურნალისტი“, - ინფორმაცია ლუგანსკის საოლქო- სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ გაავრცელა.
მისი სიტყვებით, უკრაინული დაჯავშნილი ავტომობილი, რომელიც ოლქიდან 10 ადამიანის გამოსაყვანად მიემართებოდა, საარტილერიო ცეცხლში მოჰყვა.
ჭურვის ფრაგმენტებმა მანქანის ჯავშანი გახვრიტა, რამაც ჟურნალისტს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. აკრედიტებული ფრანგი ჟურნალისტი ადგილზე ევაკუაციის პროცესზე რეპორტაჟის მოსამზადებლად იმყოფებოდა. მისი თანმხლები საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ჩაფხუტმა გადაარჩინა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს, 3 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, უკრაინაზე თავდასხმის დღიდან, 24 თებერვლიდან, რუსი სამხედროების მიერ მოკლულია 20-ზე მეტი უკრაინელი და უცხოელი ჟურნალისტი.
დაწერეთ კომენტარი