უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების გამო რუსეთისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების გავლენა უკვე აისახა ადგილობრივი კომპანიების 86%-ზე მეტის საქმიანობაზე. როგორც რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ინტერფაქსი“ წერს, ეს მონაცემები მოყვანილია მეწარმეთა უფლებების დაცვის საკითხებში პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის აპარატის მიერ მომზადებულ ანგარიშში.
ამასთან, ანგარიშის ავტორები ირწმუნებიან, რომ ახალ რეალობასთან ადაპტაცია შეძლო მეწარმეთა 77.4%-მა, დანარჩენებმა კი, საქმიანობა სრულად ან ნაწილობრივ შეწყვიტეს.
ანგარიში მომზადებულია რუსეთის მასშტაბით 6 ათასზე მეტი კომპანიის მფლობელებისა და ხელმძღვანელების გამოკითხვის შედეგად. მათი უმრავლესობა, 67.1%, ადასტურებს, რომ ეკონომიკის ვარდნის შედეგებს განიცდის.
ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად ბიზნესმენები ასახელებენ მოთხოვნის შემცირებას. მას მოსდევს საბრუნავი კაპიტალის დეფიციტი, მიწოდების ჯაჭვის დარღვევა და იმპორტის გართულება. გამოკითხულთა ნახევარზე მეტი არასაკმარისად მიიჩნევს საერთაშორისო სანქციებით გამოწვეულ ზეწოლაზე რუსეთის მთავრობის რეაგირებას.
დაწერეთ კომენტარი