Accessibility links

site logo site logo

პოლიციელის დღე - რაც მისასალმებელ სიტყვებში არ თქმულა


პოლიციელის დღის აღნიშვნა თბილისში, 31 მაისი, 2022

„ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერეს და ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებას განსაზღვრავს ძლიერი პოლიცია“, - ამ სიტყვებით მიმართა პოლიციელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 31 მაისს.

პოლიციელის დღის აღმნიშვნელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მან ისიც თქვა, რომ „პოლიციელი უნდა იყოს ხელშეუხებელი“.

პოლიციელის დღე თბილისში, 2022, 31 მაისი
პოლიციელის დღე თბილისში, 2022, 31 მაისი
  • რა ფაქტებით, საზოგადოების მხრიდან როგორი დამოკიდებულებებით და რა მაჩვენებლებით ხვდება პოლიცია პროფესიულ დღეს საქართველოში?
  • რამდენად ხშირად ამეტებენ სამართალდამცავები თავიანთ სამსახურებრივ მოვალეობას?

სხვადასხვა ანგარიშსა და სოციოლოგიურ კვლევებზე, ასევე თავად შსს-ს მონაცემებზე დაყრდნობით, რადიო თავისუფლებამ საქართველოს პოლიციაზე რამდენიმე რიცხვი და ფაქტი შეაგროვა:

88%-ისა და სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიშში მოხვედრილების შესახებ

2021 წელს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში სავარაუდო მსხვერპლების

  • 88% შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენ პირებად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ასახელებდა.
  • 11% - იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს.
  • 1% კი - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს თანამშრომლებს.

სავარაუდო მსხვერპლები ამბობდნენ, რომ პოლიციელებმა სავარაუდო დანაშაული ჩაიდინეს:

  • ქუჩაში - 43%;
  • შსს-ს ადმინისტრაციულ შენობაში - 25%;
  • ავტომანქანაში - 25%;
  • პენიტენციურ დაწესებულებაში - 9%;
  • სახლში/ბინაში - 8%;
  • საჯარო თავშეყრის ადგილას (შენობა) - 3%;
  • დროებითი მოთავსების იზოლატორში - 3%.

თუ წინა, 2020 წელს სავარაუდო მსხვერპლთა 40% დანაშაულის ჩადენის ადგილად მიუთითებდა ქუჩას, 2021 წელს ქუჩა დანაშაულის ჩადენის ადგილად დაასახელა სავარაუდო მსხვერპლთა 43%-მა.

ასევე, თუ 2020 წელს სავარაუდო მსხვერპლთა 31% ამბობდა, რომ პოლიციელი დანაშაულს სჩადიოდა პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, 2021 წელს, სავარაუდო მსხვერპლთა 25%-მა დანაშაულის ადგილად პოლიციის ადმინისტრაციული შენობა დაასახელა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ, 2019 წლის 1 ნოემბრიდან დღემდე გამოძიებადაწყებულ სისხლის სამართლის საქმეებზე გენერალურმა პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 13 სისხლის სამართლის საქმეზე - 17 სამართალდამცავის მიმართ.

ამ 17 პირიდან 12 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო.

5 - სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი.

მათგან 3 ქალია, 14 კაცი.

მათ ბრალი ედებოდათ ძალადობით ჩადენილ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, სამსახურებრივ გულგრილობაში, რომელიც ადამიანის სიკვდილით დასრულდა, იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულებაში, დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობაში.

სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული ამ 17 ბრალდებულისთვის გენპროკურატურა ათისთვის მოითხოვდა გირაოს შეფარდებას, შვიდისთვის - პატიმრობას.

სასამართლომ ექვს პირს შეეფარდა პატიმრობა, ხოლო 11 პირს - გირაო.

2021-2022 წლებში, გენერალური პროკურატურა სასამართლოს სთხოვდა, 11 ბრალდებულიდან შვიდს გირაო შეფარდებოდა, ოთხს - პატიმრობა.

სასამართლომ მოთხოვნა დააკმაყოფილა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის ფაქტზე 2021 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო 49 სისხლის სამართლის საქმეზე - ამ საქმეების უმეტეს ნაწილშიც პოლიციელთა მიმართ ბრალდება იყო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება - ძალადობით.

ამ 49 სისხლის სამართლის საქმიდან 19 შეეხებოდა პატიმრების გარდაცვალებას, ხოლო 30 სისხლის სამართლის საქმე - სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა მხრიდან პატიმრებზე სავარაუდო ძალადობის ან არასათანადო მოპყრობის ფაქტებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მიერ 2021 წელს ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო დეპარტამენტმა 1150 შეტყობინება მიიღო. ინსპექტორმა გამოძიება 316 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო.

უმრავლეს, 74%-ის შემთხვევაში ბრალდება იყო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით.

2 აქცენტი სახალხო დამცველის ანგარიშიდან

გრძელია პოლიციელების ქმედებებზე სახალხო დამცველის საჩივრების სიაც.

მაგალითად, ომბუდსმენის ბოლო საპარლამენტო ანგარიშში სხვა არაერთ პრობლემას შორის მოხვდა პოლიციელების მიერ ადამიანების კანონდარღვევით დაკავების პრობლემაც, როცა ისინი ბრალდების წარდგენამდე იძულებით გადაჰყავთ პოლიციის შენობაში, მოწმის სახით კითხავენ და მხოლოდ ამის შემდეგ აკავებენ ფორმალურად - მათ პოლიცია ართმევს პირად ნივთებს, არ აძლევს თავისუფლად გადაადგილებისა და შენობის დატოვების უფლებას.

ფაქტობრივად, ისინი ვერ სარგებლობენ ბრალდებულის უფლებებით, რადგან ფორმალურად ჯერ კიდევ არ აქვთ ბრალდება წარდგენილი.

სახალხო დამცველი იმასაც წერს, რომ ჟურნალისტებისა და მედიის სხვა წარმომადგენლების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებათა გაზრდილი მაჩვენებელი, პირდაპირ არის დაკავშირებული საგამოძიებო უწყებების არასათანადო რეაგირებასთან.

შსს: 2021 წელს „დასჯილი“ პოლიციელები

შსს-ს მონაცემებით, 2021 წელს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმების შემდეგ შსს-ს თანამშრომლების ნაწილს დააკისრა შემდეგი დისციპლინური სახდელები:

  • სასტიკი საყვედური - 161 თანამშრომელს
  • საყვედური - 212 პოლიციელს.
  • შენიშვნა - 330 მათგანს.
  • სამსახურიდან დათხოვნა - 121 პოლიციელი.
  • რიგგარეშე სამ განწესამდე დანიშვნა - 131.
  • მორიგი დათხოვნის უფლების ჩამორთმევა - 2.
  • თანამდებობიდან ჩამოქვეითება - 14 პოლიციელი.

სხვა წლების სტატისტიკა შეგიძლია იხილოთ აქ.

ხალხის აზრით

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტიტის (NDI) 2021 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევით, მოქალაქეები ფიქრობენ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყანაში კრიმინალი გაზრდილია.

  • გამოკითხულთა 58% ფიქრობს, რომ კრიმინალის მხრივ ვითარება ქვეყანაში გაუარესებულია;
  • 17%-ის აზრით, ამ მხრივ არაფერი შეცვლილა;
  • 10% კი მიიჩნევს, რომ მდგომარეობა, პირიქით, გაუმჯობესდა.

პოლიციის საქმიანობის შეფასებას ვხვდებით NDI-ს პანდემიამდელ, 2019 წლის ანგარიშში. ინსტიტუტების საქმიანობის შეფასებისას:

  • გამოკითხულთა 37% ფიქრობს, რომ პოლიცია მუშაობს კარგად;
  • 35% ფიქრობს, რომ მუშაობს საშუალოდ;
  • 15% ფიქრობს, რომ მუშაობს ცუდად.

2019 წლის შემდეგ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევებში პოლიციაზე ცალკე შეკითხვა აღარ დასმულა.

რამდენიმე შეფასება „საიასგან“

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ ამბობენ, რომ სამართალდამცავების საქმიანობის შეფასებისას, ყველაზე ხშირად აწყდებიან შესაბამისი ორგანოების მხრიდან პოლიციელების მიერ ჩადენილ დანაშაულზე არასათანადო რეაგირების ფაქტებს.

„გამოძიება იწყება, მაგრამ სათანადოდ არასოდეს არავინ ისჯება“, - გვითხრა საიას იურისტმა, ფატი ჩაფიჩაძემ. დაუსჯელობა კი, მისი შეფასებით, პოლიციელს იმავენაირად მოქცევისკენ უბიძგებს.

ისჯებიან ხოლმე მხოლოდ ძალიან გახმაურებული საქმეების შემთხვევაში, თუმცა აქაც ხშირად შერჩევით და არასათანადოდ.

მაგალითად, ლუკა სირაძის საქმეზე, გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის გარდა, პასუხი არ მოუკითხავთ არც ერთი იმ პოლიციელისათვის, რომელიც ლუკას დაკითხვის პროცესს პოლიციის განყოფილებაში თვალს ადევნებდა:

„ისინი არ დასჯილან გულგრილობისთვის“, - გვეუბნება ფატი ჩაფიჩაძე.

ისევე როგორც არავინ დასჯილა 5-6 ივლისის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორებიდან, რომლებიც დღემდე თავისუფლად დადიან - ამაშიც საია პოლიციის პასუხისმგებლობას ხედავს - ეს მათ დეტალურად აღწერეს კიდეც 5-6 ივლისის მოვლენების სამართლებრივი შეფასების დოკუმენტში.

კიდევ ერთი იმ მრავალ პრეტენზიათაგან, რომელიც საიას სამართალდამცავი ორგანოების მიმართ აქვს, არის განსაკუთრებული გულგრილობა მოწყვლადი ჯგუფების მიმართ ჩადენილ დანაშაულზე. მიუხედავად არაერთი ტრენინგისა, რომელიც პოლიციას ამ საკითხზე წლების განმავლობაში უტარდება, საიაში ფიქრობენ, რომ პოლიციელების უმრავლესობის დამოკიდებულება უცვლელია.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროს ჟურნალისტი 2008 წლიდან. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვის და სხვა სოციალურ საკითხებზე.  

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG