Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი და ევროკავშირი კრძალავენ რუსეთის ნავთობის გადამზიდი გემების დაზღვევას


დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი შეთანხმდნენ, აკრძალონ რუსეთის ნავთობის გადამზიდი გემების დაზღვევა. ამის შესახებ The Financial Times-ი იტყობინება.

ამგვარად, რუსეთის ნავთობის გადამზიდ გემებს წვდომა არ ექნებათ დაზღვევის ბრიტანულ ბაზარ Lloydʼs-ზე ლონდონში, რომელიც მსოფლიოში უდიდესია საზღვაო გადაზიდვების სფეროში. ეს რუსეთს უზღუდავს ნედლი ნავთობის ზღვით ტრანსპორტირების შესაძლებლობებს. მას მოუწევს, სხვაგან დააზღვიოს გემები.

The Financial Times-ის თანახმად, ბრიტანეთის სადაზღვევო მომსახურების ბაზრის წარმომადგენლები ემბარგოს წინააღმდეგ გამოდიოდნენ. ისინი მიუთითებდნენ იმაზე, რომ ძნელია ზუსტად დადგენა იმ ნავთობის წარმომავლობისა, რომელსაც გადაზიდავენ რუსეთის პორტებიდან მომავალი გემები. მაგალითად, იქ შეიძლება მოხვდეს ნავთობი ყაზახეთიდან.

რუსეთის ნავთობის საზღვაო გზით გადაზიდვის დაზღვევის აკრძალვამ შეიძლება გამოიწვიოს ნავთობის ფასების კიდევ უფრო მეტად ზრდა. ამჟამად Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა ორ თვეში მაქსიმუმს მიაღწია და 123 დოლარს უდრის ბარელისთვის.

31 მაისს ევროკავშირმა შეათანხმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი. მასში, სხვათა შორის, შედის აკრძალვა რუსეთის ნავთობის ექსპორტზე. სანქციები არ ეხება ნავთობის მიწოდებას ნავთობსადენებით. მიუხედავად ამისა, წლის ბლოსთვის ევროკავშირში რუსული ნავთობის მიწოდება შესაძლოა 90%-ით შემცირდეს.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) წევრები განიხილავენ ნავთობის მოპოვების თაობაზე შეთანხმებაში რუსეთის მონაწილეობის შეჩერების შესაძლებლობას. OPEC-ში ამ საკითხის განხილვა იმით ახსნეს, რომ ევროპული სანქციები და ემბარგო თანდათან „ძირს უთხრის მოსკოვის შესაძლებლობებს, მოიპოვოს მეტი ნავთობი“. გამოცემის თანახმად, რუსეთში ნავთობის მოპოვება წელს დაახლოებით 8%-ით შემცირდება.

XS
SM
MD
LG