დამოუკიდებელი რუსული გამოცემის, „ნოვაია გაზეტა“-ს მთავარმა რედაქტორმა, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატმა დმიტრი მურატოვმა აუქციონზე გასაყიდად გაიტანა ნობელის ოქროს მედალი. თანხა ომით დაზარალებულ უკრაინელ ბავშვებს მოხმარდება.
მურატოვის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა მთელმა რედაქციამ. „ჩვენ მივხვდით, იმისთვის, რომ უკრაინის ბავშვებს დავეხმაროთ, უნდა გავიღოთ ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი, რაც გვაქვს. და გადავწყვიტეთ, აუქციონზე გავიტანოთ ნობელის ოქროს მედალი“, - წერს ტვიტერზე „ნოვაია გაზეტა“.
აუქციონზე ვაჭრობა 20 ივნისს ნიუ-იორკში, Heritage Auctions-ში გაიმართება. 20 ივნისი ლტოლვილთა საერთაშორისო დღეა. ნობელის ოქროს მედლის გაყიდვით მიღებული თანხა გადაირიცხება გაეროს ბავშვთა ფონდში, რომელიც ომით დაზარალებულ ბავშვებს ეხმარება.
"ნოვაია გაზეტა"-ს მთავარ რედაქტორს, დმიტრი მურატოვს ნობელის მშვიდობის პრემია 2021 წელს გადაეცა გამოხატვის თავისუფლების დაცვისთვის.