Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Bloomberg: უნგრეთი მოითხოვს, რომ რუსეთის პატრიარქს ევროკავშირის სანქციები არ შეეხოს


ფოტო არქივიდან: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და პატრიარქი კირილე
ფოტო არქივიდან: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და პატრიარქი კირილე

უნგრეთი მოითხოვს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტიდან ამოიღონ რუსეთის პატრიარქი კირილე. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წერს დახურული კონსულტაციების შესახებ ინფორმირებულ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

სანქციების კონკრეტული დეტალების საბოლოოდ შესათანხმებლად, ევროკავშირის ელჩების მიერ ბრიუსელში 1 ივნისს გამართულ შეხვედრაზე, უნგრეთის წარმომადგენელმა მოითხოვა, რომ კირილე ამოიღონ პერსონალური სანქციების სიიდან.

რუსეთის პატრიარქი პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინაში დაწყებული „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მხარდამჭერია. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროკავშირი კირილეს წინააღმდეგ პერსონალურ სანქციებს ამზადებს, სხვადასხვა მედიასაშუალებით პირველად, მაისის დასაწყისში გავრცელდა.

მაისის ბოლოს, ევროკავშირის ლიდერები, ბრიუსელში შეთანხმდნენ უკრაინაში ომის გამო რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მეექვსე პაკეტზე, რომელიც ეკონომიკის და საფინანსო სექტორის გარდა, უნდა გავრცელდეს ომზე პასუხისმგებელ პირებზეც. უნგრეთის ზეწოლის გამო, ევროკავშირმა ვერ შეძლო რუსეთიდან ნავთობის იმპორტის სრულად აკრძალვა.

მეექვსე პაკეტის სანქციები გავრცელდება ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე და დროებით გამონაკლისი იქნება მილსადენით ტრანსპორტირებული ნედლი ნავთობი. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირი უარს ამბობს საზღვაო გზით რუსული ნავთობის მიღებაზე და ამ ეტაპზე ემბარგოს გარეშე ტოვებს მილსადენ „დრუჟბას“, რომლითაც რუსეთი ნავთობს აწვდის ევროპის ქვეყნებს. შესაბამისად, დაკმაყოფილებულია უნგრეთის მოთხოვნა. პრემიერ-მინისტრ ორბანის მთავრობა რუსულ ნავთობზე სრული ემბარგოს მოწინააღმდეგეა იმ მოტივით, რომ ეს უნგრეთის ეკონომიკისთვის კატასტროფა იქნება.

სანქციების მეექვსე პაკეტი ითვალისწინებს საერთაშორისო საგადასახადო სისტემიდან, SWIFT-იდან, უმსხვილესი რუსული ბანკის, „სბერბანკ“-ის გათიშვას და რუსეთის სამი სახელმწიფო ტელეარხის მაუწყებლობის აკრძალვასაც. პერსონალური სანქციები ამოქმედდება უკრაინაში ომის დანაშაულზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ. კონკრეტული სია მოგვიანებით გამოქვეყნდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG