Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერკელმა ომის განმავლობაში საჯაროდ პირველად დაუჭირა მხარი უკრაინას


ანგელა მერკელი და ვლადიმირ პუტინი
ანგელა მერკელი და ვლადიმირ პუტინი

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა, 24 თებერვლის შემდეგ პირველად, საჯაროდ დაგმო რუსეთის მიერ დაწყებული ინტერვენცია და მხარი დაუჭირა უკრაინას.

1 ივნისს გერმანიის გაერთიანებული პროფკავშირების ყოფილი თავმჯდომარის პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაზე, მერკელმა რუსეთის შეჭრას უკრაინაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის ისტორიის "ყველაზე უფრო გარდამტეხი მომენტი" უწოდა.

"მე გამოვხატავ სოლიდარობას უკრაინისადმი, რომელსაც რუსეთი თავს დაესხა და მხარს ვუჭერ მის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი", - განაცხადა მერკელმა. გერმანიის ყოფილი კანცლერი ამბობს, რომ მხარს უჭერს გერმანიისა და საერთაშორისო სასამართლოს ყველა ძალისხმევას, რომლებიც "რუსეთის მხრიდან ამ ბარბაროსული აგრესიული ომის შეწყვეტისკენ არის მიმართული".

ამ განცხადების ფონია გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის მიერ 2 ივნისს გახმოვანებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ბერლინი უკრაინას საჰაერო თავდაცვისა და საარტილერიო სისტემებით მომარაგებას დაჰპირდა. ამის შესახებ შოლცმა გერმანიის პარლამენტში გამართული დებატების დროს განაცხადა.

"უახლოეს კვირებში ჩვენ, ჰოლანდიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, უკრაინას მსოფლიოს 12 ყველაზე თანამედროვე თვითმავალ ჰაუბიცას გადავცემთ", - აღნიშნა შოლცმა და დასძინა, რომ უკრაინელი სამხედროების სწავლება გერმანულ თვითმავალ საარტილერიო დანადგარ Panzerhaubitze 2000-ზე რამდენიმე დღეში დასრულდება.

გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ, შოლცის თქმით, ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა უკრაინისათვის საჰაერო თავდაცვის თანამედროვე IRIS-T სისტემის გადაცემა.

გარდა ამისა, გერმანია უკრაინას მიაწვდის თანამედროვე რადარს, რომელსაც შეუძლია მტრის ჰაუბიცების, ნაღმმტყორცნებისა და სარაკეტო არტილერიის აღმოჩენა.

ბერლინის ამ ნაბიჯის ფონია აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ უკრაინისთვის სარაკეტო სისტემების გადაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. ბაიდენმა 31 მაისს გამოცემა New York Times-ში გამოაქვეყნა ოფიციალური პოზიცია იმის შესახებ, თუ რას გააკეთებს აშშ უკრაინაში და რას - არა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG