Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსჯავრდადებულ ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს მორიგ ბრალდებას წაუყენებენ


ალმაზბეკ ატამბაევი სასამართლო პროცესზე
ალმაზბეკ ატამბაევი სასამართლო პროცესზე

საპატიმროში მყოფ ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს პროკურატურა მორიგ ბრალდებას წაუყენებს, 2010 წელს ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარ შეტაკებასთან მისი კავშირის გამო, რასაც დაახლოებით 450 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც ატამბაევის ადვოკატმა, ზამირ ჯოშევმა უთხრა რადიო თავისუფლების ყირგიზულ სამსახურს, ოფიციალური განცხადება მორიგ ბრალდებასთან დაკავშირებით მოგვიანებით გახდება ცნობილი. ბრალდება სერიოზულია, მაგრამ მისი კანონიერება საეჭვოა დანაშაულის ვადის გამო, აღნიშნა ალმაზ ატამბაევის ადვოკატმა.

დღეისთვის ატამბაევი 11-წლიან საპატიმრო სასჯელს იხდის 2020 წელს გამოტანილი განაჩენის საფუძველზე, რომლითაც სასამართლომ ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი დამნაშავედ ცნო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, აზიზ ბატუკაევის გათავისუფლებისთვის.

ატამბაევის მიერ 2013 წელს შეწყალებული კრიმინალური ავტორიტეტი აზიზ ბატუკაევი ციხიდან გამოსვლის შემდეგ დაუყოვნებლად გაემგზავრა რუსეთში. სამშობლოში იგი მსჯავრდადებული იყო ყირგიზი დეპუტატისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მკვლელობაში.

ალმაზბეკ ატამბაევი დროებითი მთავრობის ხელმძღვანელი იყო 2010 წელს, როდესაც ადგილობრივ ყირგიზებსა და უზბეკებს შორის სისხლიანი დაპირისპირება მოხდა ოშსა და ჯალალ-აბადში.

ატამბაევი 2019 წლის 9 აგვისტოს დააკავეს დედაქალაქ ბიშკეკის მახლობლად მდებარე კოი-ტაშის დასახლებაში, მის მომხრეებსა და სამართალდამცველებს შორის ერთდღიანი დაპირისპირების შემდეგ. შეტაკების დროს დაიღუპა ერთი სამართალდამცველი, 79 - დაიჭრა. მთლიანობაში დაშავდა 170 კაცი.

ამ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. საქმეში, ატამბაევის გარდა, ფიგურირებს 13 ბრალდებული.

XS
SM
MD
LG