Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ცხინვალში ჩავიდნენ


ფოტო არქივიდან: ცხინვალი
ფოტო არქივიდან: ცხინვალი

ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ოკუპირებულ ცხინვალში ჩავიდნენ და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა ევროკავშირიდან, ეუთოდან და გაეროდან მიმდინარე წელს ცხინვალში პირველი სამუშაო შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას ოსური სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 56-ე რაუნდი, რომელიც 2022 წლის 20-30 მარტს იყო დაგეგმილი, უკრაინაში ომის გამო შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით გადაიდო. გაურკვეველია თარიღიც, როდის აღდგება მოლაპარაკებები.

“გროვდება გადასაჭრელი საკითხები, თუმცა ჟენევის დისკუსიებს ანალოგი არ აქვს, მისი როლი უსაფრთხოების შენებაში შეუფასებელია. თავად ამ ფორმატის არსებობა რეგიონში სტაბილურობის მხარდაჭერას ნიშნავს”, - განაცხადა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დელეგაციის წარმომადგენელმა კონსტანტინ კოჩიევმა.

ჟენევის დისკუსიები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მიმდინარეობს. მოლაპარაკებები ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით იმართება. პროცესში მონაწილეობენ საქართველო, რუსეთი და აშშ, ასევე, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წარმომადგენლები.

ოსური და აფხაზური მხარეები ქართული მხარისგან ითხოვენ ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიული შეთანხმების გაფორმებას, რასაც ქართული მხარე არ თანხმდება და იმავეს ითხოვს რუსეთის ფედერაციისგან, რომელიც კონფლიქტის მხარედ თავს არ აღიარებს. ამ მიზეზით ჟენევის დისკუსიის შეხვედრები ხშირად უშედეგოდ სრულდება, ახლა კი საერთოდ შეჩერებულია რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და საერთაშორისო სანქციების გამო, რომლებიც საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთის წინააღმდეგ დააწესა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG