აშშ-ის ახალდანიშნულმა ელჩმა უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკმა 2 ივნისს კიევში თავისი პირველი ბრიფინგი გამართა და დაასახელა ის ხუთი ძირითადი ამოცანა, რომელთა განხორციელებასაც იგი აპირებს ამ თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში.
ელჩის სიტყვებით ესენია:
- უკრაინის დახმარება რუსეთთან ომში გამარჯვებისთვის;
- ამერიკის იმ სამთავრობო დახმარებაზე კონტროლი, რომელიც გასაჭირში მყოფმა ადამიანებმა უნდა მიიღონ;
- უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო რუსეთის პასუხისგებაში მიცემის მიმართულებით დახმარება;
- უკრაინის უსაფრთხოებისთვის განკუთვნილი ამერიკული დახმარების კონტროლი;
- და აშშ-ის საელჩოს სრული შემადგენლობით საქმიანობის აღდგენა.
"ამ ხუთივე მიმართულებით ჩვენი ურყევი მიზანი ემსახურება იმას, რომ უკრაინამ თავისი მომავალი თავად განსაზღვროს. ეს ომი ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპისა და აშშ-სთვის. შესაფერის მომენტში ჩვენ დავეხმარებით უკრაინას, რომ აღდგეს და კვლავ აშენდეს", - აღნიშნა ბრინკმა 2 ივნისს გამართულ ბრიფინგზე.
აშშ-ის ახალი ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი კიევში 29 მაისს ჩავიდა. 31 მაისს მან პირველად იმოგზაურა კიევის გარშემო და სოფელ გოსტომელის აეროდრომი მოინახულა.
აშშ-ს უკრაინაში ელჩი არ ჰყავდა 2019 წლიდან, როცა მაშინდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიევიდან გაიწვია ელჩი მარი იოვანოვიჩი. დიპლომატი თავის გაწვევას უკავშირებდა უკრაინისადმი ტრამპის პოლიტიკის კრიტიკას.
უკრაინაში ელჩად დანიშვნამდე ბრიჯიტ ბრინკი იყო აშშ-ის ელჩი სლოვაკეთში. 2018 წელს ამერიკული გამოცემა „ფორინ პოლისი“ წერდა, რომ აშშ საქართველოში ელჩად ბრიჯიტ ბრინკის დანიშვნას გეგმავდა, თუმცა, "ქართული ოცნების" მთავრობამ მისი კანდიდატურა დაბლოკა, რადგან ბრინკს მიიჩნევდა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილად. "ქართულ ოცნებაში" ამას უარყოფდნენ. 2011-2014 წლებში ბრიჯიტ ბრინკი იყო საქართველოში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილე.
დაწერეთ კომენტარი