Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი განმარტავს, რა იგულისხმა, როცა პარლამენტში თქვა, რომ "ოპოზიცია სცოდავდა"


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რა იგულისხმა, როცა მარტში საპრეზიდენტო მოხსენებით გამოსვლისას თქვა, რომ "ოპოზიცია სცოდავდა". ამის შესახებ მან "პალიტრანიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, იზიარებდა თუ არა მმართველი პარტიის პოზიციას იმაზე, რომ თუ საქართველო ვერ მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება ოპოზიციის ბრალი.

"მთავარი მაინც არის ხელისუფლება - შენ გაქვს მთავარი პასუხი. ამასთან ერთად, ნათელია, რომ ოპოზიცია სარგებლობს ყველა იმ შეცდომით, რომ იაროს ბრიუსელში, ბევრნი ჩადიან... ოპოზიცია სარგებლობს შეცდომებით და იმაზე აპელირებას აკეთებს, რომ ვითომ ეს იყოს მხოლოდ მთავრობა და არ ჰქონდეს ამას გავლენა ქვეყნის რეპუტაციაზე. რეალურად, შენ რომ გაგაქვს იქ კრიტიკული შეფასებები... მიზეზი რომ არ იყოს, ვერ გაიტანდნენ. ამიტომ მიზეზიც არ უნდა მისცე, მაგრამ რომ გააქვთ და ჰგონიათ, რომ ამას მხოლოდ მთავრობაზე აქვს შედეგი, ქვეყანაზეც აქვს შედეგი - პარლამენტში რაც ვთქვი, ორივე სცოდავს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი გამოსვლის მთავარი ნაწილი, მოწოდება, რომ ამ პროცესის განმავლობაში ყოფილიყვნენ ერთიანი, ორივე მხარეს დაავიწყდა.

"ნუთუ, არ შეგვიძლია ამ პერიოდში ვიყოთ ერთიანი", - დასძინა მან.

14 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა თავის ყოველწლიურ მოხსენებაში ოპოზიცია და სახელისუფლებო პარტია გააკრიტიკა.

"ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე არ მესმის და ვერ შევეგუები იმას, რომ დღეს, ამ გზაგასაყარზე კინკლაობის, ქიშპობის, მტრობის, დამღუპველი დაპირისპირებისა და პოლარიზაციის დასრულების მაგივრად, თქვენ, აქ შეკრებილნი, ივიწყებთ იმას, რაც ასახულია ჩვენს გერბზე - "ძალა ერთობაშია!"

საზოგადოება კი, თქვენზე ბევრად ფხიზელია, შეგნებული, მამაცი და, რაც მთავარია, ერთიანი. დღეს ვხედავთ, რომ ეროვნული თანხმობის ნიშნებმა ხალხში უკვე გაიღვიძა, თუმცა თქვენში ამას ჯერ ვერ ვხედავ. ნუთუ არ გესმით, თუ რა პასუხისმგებლობა გაკისრიათ ყველას ერთად თქვენი ხალხის წინაშე. დღეს კი, ორივე მხარე, პოზიციაც და ოპოზიციაც სცოდავს და სცოდავს ქვეყნის წინაშე!" - თქვა პრეზიდენტმა პარლამენტის ტრიბუნიდან.

საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს საქართველოს ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს.

XS
SM
MD
LG