Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი: უნდა მოგვეწვია ზელენსკი საქართველოს პარლამენტში


ფოტო არქივიდან: საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტები
ფოტო არქივიდან: საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტები

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პარლამენტში უნდა მიეწვიათ. მისი შეფასებით, ეს იქნებოდა საქართველოს მხრიდან უკრაინის მიმართ მორალური სოლიდარობის გამოხატვა.

"არავინ არ გვთხოვს ჩვენ იმას, რაც ჩვენს ძალებს აღემატება, მაგრამ მორალური სოლიდარობა გვევალება [უკრაინის მიმართ]. ერთ მაგალითს გეტყვით, ჩვენ ვართ, ალბათ, ერთ-ერთი ქვეყანა ევროპაში დარჩენილი იმ ცოტა ქვეყნიდან, სადაც ზელენსკის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მიეცა. ეს ხომ არაფერს ითხოვს სხვას, გარდა ტოტალური, მორალური სოლიდარობისა?!" - თქვა ზურაბიშვილმა "პალიტრანიუსის" ეთერში.

ამავე ინტერვიუში მან განაცხადა, რომ მაშინ, როცა საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდა, პარლამენტის ფასადზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშებთან ერთად, შეიძლებოდა უკრაინისა და მოლდოვის დროშების გამოფენაც.

"თუ ეს ტრიო ერთად მიდის ევროინტეგრაციის კუთხით და თუ უკრაინა არის დღეს ამ პროცესის აჩქარების მიზეზი, ალბათ, უნდა ვიცოდეთ, როგორ ვიყოთ მადლიერი ზოგჯერ", - დასძინა მან.

უკრაინაში ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო. ომის დაწყების შემდეგ, 17 მარტს, პარლამენტის ტრიბუნიდან "ლელომ" გააჟღერა ინიციატივა, რომ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისთვის მიეწვიათ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ამ ინიციატივას "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად, იწონებდნენ სხვა ოპოზიციური პარტიებიც, მათ შორის, "გირჩი" და "საქართველოსთვის". საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციის ეს წინადადება არ გაიზიარა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG