Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფლების პრეზიდენტი იმედგაცრუებულია იჰარ ლოსიკის მიმართ გამოტანილი განაჩენით


იჰარ ლოსიკს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა ჯეიმი ფლაიმ "ღრმად იმედგამაცრუებელი" უწოდა ბელარუსის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ძალაში დარჩა მედიაკორპორაციის კონსულტანტის, იჰარ ლოსიკის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი.

"ჩვენ არ მოვისვენებთ მანამ, სანამ იჰარი კვლავ არ იქნება თავისუფალი და არ დაუბრუნდება თავის ოჯახს, მეუღლე დარიას და ქალიშვილ პაულინას", - აღნიშნავს რთე/რთ-ის პრეზიდენტი თავის კომენტარში.

ბელარუსის უზენაესმა სასამართლომ უარყო ბლოგერთა, ოპოზიციონერ აქტივისტთა და დევნილობაში მყოფი ოპოზიციის ლიდერის, სვიატლანა ციხანოუსკაიას მეუღლის სააპელაციო სარჩელი. მათ დეკემბერში განაჩენი გამოუტანეს ბრალდებებით, რომლებსაც ისინი და მათი მხარდამჭერები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.

სიარჰეი ციხანოუსკი, რადიო თავისუფლების კონსულტანტი და ბლოგერი იჰარ ლოსიკი, ვეტერანი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიკალაი სტატკევიჩი და აქტივისტები ულაძიმერ ციხანოვიჩი, ძმიტრი პაპოუ და არციომ საკაუ უშიშროების ძალებმა დააკავეს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე. ამ არჩევნებში მეექვსედ გამოცხადდა ოფიციალურ გამარჯვებულად ავტორიტარი ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა, რომელიც 1994 წლიდან უდგას ქვეყანას სათავეში. ფართოდ გავრცელებული მოსაზრებით, საპრეზიდენტო არჩევნები ლუკაშენკას სასარგებლოდ გაყალბდა.

სასამართლომ 1 ივნისს ძალაში დატოვა განაჩენები: ციხანოუსკის 18 წლით პატიმრობა, პაპაუსა და საკაუს - 16 წლით, ლოსიკსა და ციხანოვიჩს - 15 წლით. სტატკევიჩს 14 წლით პატიმრობა მიესაჯა, სასამართლოს თანახმად, მასობრივი არეულობის ორგანიზებისთვის, სოციალური ზიზღის გაღვივებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობისთვის ხელის შეშლის, ასევე საზოგადოებრივი წესრიგისთვის ხელისშემშლელი მოქმედებების ორგანიზებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG