Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს და გენერალურ შტაბს დაემუქრა


რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დმიტრი მედვედევი. მოსკოვის ოლქი, 2022 წლის 19 აპრილი
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დმიტრი მედვედევი. მოსკოვის ოლქი, 2022 წლის 19 აპრილი

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დმიტრი მედვედევი რუსული არმიის მხრიდან დარტყმებით დაემუქრა კიევში „გადაწყვეტილებების მიმღებ ცენტრებს“.

ტელეკომპანია „ალ-ჯაზირა“-სთვის 2 ივნისს მიცემულ ინტერვიუში მედვედევმა განაცხადა, რომ თუ უკრაინა აშშ-ისგან მიღებულ შეიარაღებას რუსეთის ტერიტორიების წინააღმდეგ გამოიყენებს, რუსულ არმიას "არ დარჩება სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ იმოქმედოს გადაწყვეტილებების მიღების ცენტრების განგმირვისთვის“.

ასეთ ცენტრებს შორის მედვედევმა დაასახელა უკრაინის თავდაცვის სამინისტრო და გენერალური შტაბი. ამასთან, როგორც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ამბობს, გადაწყვეტილებების მიღების საბოლოო ცენტრები კიევის ტერიტორიაზე არ არის, ამიტომ „ეს, რა თქმა უნდა, არის საფრთხე, რომლის გათვალისწინებაა საჭირო“.

1 ივნისს, აშშ-მა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ უკრაინას გაუწევს კიდევ 700 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას, რომელიც პირველად მოიცავს მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებსაც. უკრაინა ამ ტიპის შეიარაღებას განსაკუთრებით აქტიურად ითხოვს მას შემდეგ, რაც რუსეთმა ძირითადი ძალები გადაისროლა უკრაინის აღმოსავლეთში, "დონბასზე სრული კონტროლის დასამყარებლად".

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თანახმად, უკრაინამ პარტნიორები დაარწმუნა, რომ სარაკეტო სისტემებს არ გამოიყენებს რუსეთის ტერიტორიაზე შეტევისთვის. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სარაკეტო სისტემები მხოლოდ საკუთარი ტერიტორიის დასაცავად სჭირდებათ.

უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორია მოიცავს რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმსაც და დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებს, რომელთა "დამოუკიდებლობა" პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინაში რუსული არმიის შეჭრამდე, 24 თებერვლამდე რამდენიმე დღით ადრე აღიარა.

XS
SM
MD
LG