თბილისის მერიამ გუდიაშვილის მოედანთან მის საკუთრებაში არსებული განახლებული შენობები აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა. საუბარია სულ ოთხ შენობაზე - მათი ჯამური საწყისი ღირებულება 17 945 940 ლარია.
აუქციონი 6 ივნისს სრულდება. ამ ეტაპზე შეძენის სურვილი მხოლოდ ერთმა მომხმარებელმა გამოთქვა - დღეს, 3 ივნისს, მან მერიას 18 215 129 ლარის გადახდა შესთავაზა.
გასაყიდად არის გამოტანილი (ფოტოები):
- ბეგლარ ახოსპირელის I ჩიხი, N1 / ლადო გუდიაშვილის მოედანი N6-ში მდებარე შენობა;
- გუდიაშვილის მოედანი N2-ში მდებარე შენობა;
- გია აბესაძის ქუჩა N23-ში მდებარე შენობა;
- ლერმონტოვის N2-ში მდებარე შენობა.
თბილისის მერმა კახა კალაძემ 4 მაისს თქვა, რომ რეაბილიტირებულ გუდიაშვილის მოედანთან მდებარე შენობები აუქციონზე გაიყიდებოდა.
"რა თქმა უნდა, ბიზნესი უფრო უკეთესად მოუვლის და განახორციელებს სხვადასხვა სახის პროექტს, ვიდრე მუნიციპალიტეტი. ჩვენ შემოსული თანხებით სხვადასხვა საინტერესო და ქალაქისთვის უფრო მნიშვნელოვან პროექტებს განვახორციელებთ.
გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტირებული სივრცეები მზად არის იმისთვის, რომ გამოვიტანოთ აუქციონზე, გავყიდოთ. არაერთი შეხვედრა გაიმართა ბიზნესსექტორთან, არსებობს ინტერესი ამ სივრცეების მიმართ", - თქვა მაშინ მერმა.