Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მე-4 საოკუპაციო ბაზის ჯარისკაცებმა ზაფხულის სამხედრო სწავლებები დაიწყეს


ფოტო არქივიდან. რუსეთის საოკუპაციო ბაზა ცხინვალის რეგიონში.
ფოტო არქივიდან. რუსეთის საოკუპაციო ბაზა ცხინვალის რეგიონში.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული რუსეთის მე-4 სამხედრო საოკუპაციო ბაზის ჯარისკაცები საზაფხულო სამხედრო სწავლებისთვის ოკუპირებული ძარწემის პოლიგონზე გავიდნენ. ამის შესახებ რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახური იტყობინება. მისი ცნობით, ტაქტიკურ სამხედრო სწავლებებში ჩართულია 500 ჯარისკაცი, 100 ერთეულამდე სამხედრო და სპეცტექნიკა.

„სამხრეთის სამხედრო ოლქის პირადი შემადგენლობა და სატანკო დანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები შეასრულებენ უამრავ დავალებას. საბრძოლო მომზადების ოპერაციების ორგანიზებისა და ჩატარების მიზნით გაიმართება საწვრთნელი სროლები T-72BM ტანკებიდან, BMP-2 ქვეითთა საბრძოლო მანქანებიდან, „აკაციას“ თვითმავალი „ჰაუბიცებიდან" და სხვა ტიპის იარაღიდან“, - ნათქვამია სამხრეთ სამხედრო ოლქის განცხადებაში.

ყველა სწავლება სპეციალური სამხედრო კომისიის მეთვალყურეობით მიმდინარეობს, რომელიც შეაფასებს საბრძოლო დანაყოფების მომზადების დონეს.

ტაქტიკური ბატალიონების სწავლებები სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება სამხრეთ სამხედრო ოლქის სხვადასხვა პოლიგონებზე.

მარტში მე-4 რუსულ სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მომსახურე ჯარისკაცების დიდი ნაწილი, მათ შორის ცხინვალელი ჯარისკაცები, რომლებიც საოკუპაციო ბაზაზე მსახურობენ, უკრაინაში ორ ეტაპად გაამგზავრეს. 16 მარტს სოციალური ქსელებით სამხედრო ტექნიკის გადაადგილების კადრებიც გავრცელდა. მოგვიანებით 300 ცხინვალელი ჯარისკაცი უკრაინიდან დაბრუნდა და იქ არსებულ საშინელ პირობებზე ალაპარაკდა. ნათესავებისთვის გაგზავნილ ხმოვან შეტყობინებებში ისინი აცხადებდნენ, რომ აღჭურვილობისა და ნორმალური ტექნიკის გარეშე, პირდაპირ ბრძოლის ველზე გაუშვეს და მათ „საზარბაზნე ხორცად“ იყენებდნენ.

მე-4 სამხედრო ბაზის დაახლოებით 5000 სამხედრო მოსამსახურიდან, უმეტესობა ადგილობრივი მცხოვრებია და, არაოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით 80 პროცენტი ახლა უკრაინის ომში იმყოფება. გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის „ეფ-ეს-ბეს“ სასაზღვრო სამსახურის დანაყოფი, რომელიც ე.წ. საზღვრის მოწყობით და კონტროლით არის დაკავებული ცხინვალის რეგიონში, 1200 სამხედროს ითვლის. გავრცელებული ინფორმაციით, „ეფ-ეს-ბეს“ კონტინგენტიდან ადგილზე ნახევარზე ნაკლებია დარჩენილი. ე.წ. მესაზღვრეები პერიოდულად ჩნდებიან საოკუპაციო ხაზთან და იქ არსებულ ინფრასტრუქტურას აახლებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG