Accessibility links

site logo site logo

გაქცევა ბათუმიდან თურქეთში, როგორ გადაცურა პატრუშევმა საზღვარი 1962 წელს


პიოტრ პატრუშევი

პროფესიულმა მოცურავემ პიოტრ პატრუშევმა (1942-2016) 1962 წელს საბჭოთა კავშირიდან გაქცევა მოახერხა. მან შავი ზღვა ბათუმიდან თურქეთამდე სპეციალური აღჭურვილობის გარეშე გადაცურა. პატრუშევის გაქცევის ამბავი დაზვერვის საიდუმლო სახელმძღვანელოებშია შესული.

საბჭოთა ხელისუფლებამ მას დაუსწრებლად შეუფარდა სიკვდილით დასჯა. პატრუშევის მემუარებს სწორედ ასე ჰქვია: „მიესაჯოს დახვრეტა“.

პიოტრ პატრუშევი 1942 წელს, ციმბირში, ტომსკის რაიონის სოფელ კოლპაშევოშია დაბადებული. მამა შვილის გაჩენამდე ფრონტზე დაიღუპა. დედა სამ შვილს ზრდიდა. პიოტრი კარგი სპორტსმენი დადგა, მოცურავე. მისი კანდიდატურა 1964 წლის ოლიმპიური ნაკრებისთვისაც კი განიხილებოდა, მაგრამ უნივერსიტეტში ვერ მოხვდა და ჯარში გაიწვიეს. გაანაწილეს ნოვოსიბირსკის სპორტკლუბში, რომელსაც ჩემპიონების სამჭედლოსაც უწოდებდნენ. აქ კარიერა მოულოდნელად ჩამოიშალა. უცაბედად პატრუშევი ჩვეულებრივ სამხედრო ნაწილში გადაიყვანეს, მიზეზი 50 წლის შემდეგ გაიგო. ის და მისი მწვრთნელი ჰენრიხ ბულაკინი ტომსკის აუზის დირექტორმა, ვინმე შკოლნიკმა აითვალწუნა. შკოლნიკი ბერიას მოკავშირე იყო, მისი ერთი ზარი ნოვოსიბირსკის სუკში და პატრუშევი სპორტული კლუბიდან ჩვეულებრივ საჯარისო ნაწილში აღმოჩნდა.

რაღაც დროის შემდეგ პიოტრ პატრუშევი ღამე, ჩუმად მიცურავდა თურქეთში. თავის მემუარებში ის წერს:

„პირველი პროჟექტორი ჩაირთო. თითქოს გიგანტურმა რვაფეხამ ზღვას თავისი კიდური გადააწნაო. ღრმად ჩავყვინთე, ვგრძნობდი, როგორ მაწვებოდა წნევა. მთელი ჩემი წვრთნები და ვარჯიში სადღაც გაქრა. ახლა ხიფათთან მარტოდმარტო ვიყავი, ყოველგვარი დაზღვევის გარეშე. ზედაპირზე გაგუდულმა ამოვყვინთე. ყველა პროჟექტორზე ასე თუ მოვიქეცი, შორს ვერ წავალ-მეთქი. თავს შევახსენე, რომ უბრალოდ წყლზე ოდნავ ამოწეულს და მედუზასავით გაშლილს უნდა მეტივტივა.

იმ წუთას პროჟექტორის შუქმა ისევ თავზე გადამიარა. ისევ ჩავყვინთე, ამჯერად ძალიან ღრმად არა. „მედუზა“, - გავუმეორე საკუთარ თავს, - „მედუზა“. ჩაყვინთვებს შორის სწრაფად მივცურავდი, ხან თავისუფალი სტილით, ხან ზურგზე დაწოლილი.

სიხარული, რომელსაც თავიდან განვიცდიდი, უკვე აღარ მქონდა.

ზღვას პროჟექტორების შუქი კვეთდა. დროდადრო სხივი მიახლოვდებოდა. ამ დროს ძალიან ვღელავდი. პროჟექტორების პლატფორმებზე ახალგაზრდა ჯარისკაცები იდგნენ. მათ მონადირისა და მეთევზის ინსტინქტი ჰქონდათ, ამაყები იყვნენ, თევზივით დამიჭერდნენ და ფორპოსტზე ამომიყვანდნენ. იქ ყველას აჩვენებდნენ ჩემს თავს, როგორც სამხედრო ალაფს. ახალგაზრდა ჯარისკაცებს დააჯილდოვებდნენ, მედლებს დაურიგებდნენ იმ სიმამაცისთვის, რომელიც საშიში დამნაშავის, დიდი ალბათობით ჯაშუშის, შესაპყრობად გამოიჩინეს“.

რატომ გადაწყვიტა ქვეყნიდან გაქცეულიყო? როგორ აღმოჩნდა ზღვაში? აი, რას ჰყვება პიოტრ პატრუშევზე დაწერილ ბიოგრაფიულ ჩანახატში მისი სიმამრი, ჟურნალისტი აზარი მესერერი:

„ეს მხოლოდ ათლეტს შეეძლო გაეკეთებინა, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად კარგად მომზადებულს. საქმე ძლიერ დინებაშიც არაა, არც ყინულოვან წყალში, ზღვის ფსკერიდან ზევით რომ მოიწევს. მთავარი უჩინარი საზღვრის შეუმჩნევლად გადაცურვაა. გვერდი უნდა აგევლო ბადეებისთვის, პროჟექტორებისთვის, სათვალთვალო კამერებისთვის, რადარებისთვის, საპატრულო კამერისთვის, მესაზღვრეების ვერტმფრენებისა და თვითმფრინავებისთვის. აქ იყო წყალქვეშა ნავების სამხედრო ბაზებიც, მათ გამო ისედაც გრძელი მარშრუტი კიდევ უფრო გრძელდებოდა.

ღამე რომ მიცურავდა, ცდილობდა, ხიფათზე არ ეფიქრა. დედას, ახლობლებს, მშობლიურ სანახებს იხსენებდა. მას მართლაც რთული ბავშვობა ჰქონდა. ცივ, ღატაკ ციმბირულ სოფელში უმამოდ იზრდებოდა. მძიმე ცხოვრებისგან გაუხეშებულ დედას მყარად სწამდა, რომ თუ „შვილს მტრულად გაზრდი, მოყვარედ გამოგადგება“. მძიმე რეალობიდან წიგნებში გარბოდა ხოლმე“.

პიოტრ პატრუშევი და ანდრეი სახაროვი
პიოტრ პატრუშევი და ანდრეი სახაროვი

პიოტრ პატრუშევის მემუარებიდან:

„თანატოლები ვარსკვლავთმრიცხველს მეძახდნენ. ისე ვიყავი ჩაფლული სამეცნიერო ფანტასტიკაში, მეჩვენებოდა, წიგნებში რასაც ვკითხულობ, სადღაც, უკეთეს, იდუმალ და მართლაც საინტერესო სამყაროში ნამდვილად ხდება-მეთქი“.

საჯარისო ნაწილს, რომელშიც პატრუშევი მოხვდა, კურორტს ვერ დაარქმევდი. მას ზემდგომი ანგარიშწორებით ემუქრებოდა, რადგან ამხანაგს გამოესარჩლა, ვისაც ეს ზემდგომი ცემას უპირებდა.

დასახიჩრება და შესაძლო სიკვდილიც თავიდან რომ აერიდებინა, პიოტრმა ხერხს მიმართა და თავი ფსიქიკურ ავადმყოფად გაასაღა. ტომსკის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში კი გადაიყვანეს, მაგრამ იქ დიდხანს ვერ დარჩებოდა. მეგობრები და სტუდენტი-ექიმები ატყობინებდნენ, რომ მედპერსონალს მისი „განკურნება“ ჰქონდა გადაწყვეტილი, ამასთან, ძლიერი პრეპარატებით. პატრუშევი საავადმყოფოდან ხალათის ამარა გამოიქცა და თავი მწვრთნელის სახლს შეაფარა. შემდეგ ძალიან დარდობდა, რომ მისი გამოისობით მწვრთნელი ხელისუფლების დევნის ქვეშ აღმოჩნდა. წლების განმავლობაში ცდილობდა, მას და მის ახლობლებს მატერიალურად დახმარებოდა.

გაქცევის აღწერას მის წიგნში მხოლოდ ორი თავი უჭირავს. უფრო ჰყვება იმის შესახებ, რაც ამ გაქცევას მოჰყვა. წელიწად-ნახევარი პატრუშევი თურქეთის ციხეში იჯდა, არ დაუჯერეს, რომ ჯაშუში არ იყო. აღიარების მისაღწევად თურქმა გამომძიებლებმა ყველაფერი სცადეს, კონვეიერული დაკითხვებით დაწყებული - დახვრეტის იმიტაციით დამთავრებული.

როდესაც ბოლოს და ბოლოს გაათავისუფლეს, პატრუშევი მუდმივად ცდილობდა საკუთარი თავისთვის დაემტკიცებინა, რომ მისი არჩევანი მართებული იყო და თავისუფალ სამყაროში შესაფერის, მისთვის სასურველ საქმეს იშოვიდა. ამის გამო იცვლიდა სამსახურს. თავიდან ბიბისიში მუშაოდა, შემდეგ რადიო თავისუფლებაში ჰქონდა გადაცემები: „პლანეტის ხვალინდელი დღე“ და „ადამიანის შინაგანი სამყარო“. იქ მხოლოდ იმას წერდა და აშუქებდა, რაც მისთვის იყო მნიშვნელოვანი: გარემოს დაცვა, ფსიქოლოგია, აღმოსავლური ფილოსოფია და სპორტი, რომელსაც მთელი ცხოვრება მისდევდა.

პიოტრ პატრუშევი Pussy Riot-ის თარჯიმანი, 2014 წელი.
პიოტრ პატრუშევი Pussy Riot-ის თარჯიმანი, 2014 წელი.

წიგნიდან „მიესაჯოს დახვრეტა“:

„სოხუმი, 1962 წლის ზაფხული, გაქცევის წინა დღე.

- ფული მომე, ლამაზო! - ბოშამ უცერემონიოდ აიღო ჩემი ხელი სამკითხაოდ. რაღაცას ლაპარაკობდა სიყვარულზე. ვუთხარი, ეს არ მაინტერესებს-მეთქი და ვცადე, თავი გამენთავისუფლებინა. მან შავი, განმგმირავი თვალები მომაპყრო და ისეთი რამ თქვა, ტანზე ტაომ დამაყარა.

- შენ სასიკვდილო განსაცდელში ხარ. თუ ფრთხილად არ იქნები, შეიძლება სასამართლოში მოხვდე. მომე ფული და სიმართლეს გეტყვი.

თითქმის ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, საფულედან ხუთმანეთიანი ამოვიღე და მივეცი. ბოშამ მაშინვე დამალა.

- შენი ერთი გზა სასამართლოსკენ მიდის, მეორე საზღვარგარეთ. მდიდარი და ცნობილი გახდები, მეორეს თუ აირჩევ.

ვისაც კომუნისტურ ქვეყანაში არ უცხოვრია, მისთვის რთულია მიხვდეს, რამდენად უცნაური იყო ეს წინასწარმეტყველება. საზღვარგარეთ წასვლა უმეტესობისთვის მთავარეზე მოგზაურობასავით მიუწვდომელი იყო. მათთვის მხოლოდ ერთი გზა რჩებოდა - საზღვრის არალეგალურად გადალახვა, რის გამოც მოღალატედ შერაცხავდნენ და შესაძლოა დაეხვრიტათ კიდეც. პანიკაში ჩავვარდი. ვინ არის ეს ქალი? პროვოკატორი, სუკის აგენტი, თუ მართლაც ბოშა. მას შემდეგ, რაც საქართველოს მიწაზე დავდგი ფეხი, მუდმივად მეგონა, რომ ვიღაც მითვალთვალებდა - გამვლელი, მოლარე ჯიხურიდან, პიონერები, რომლებიც ყველგან იყვნენ... უცნაურია, რომ ჯერ კიდევ ზაფხულის დასაწყისში, ჩემი მეგობრის დედამ მარიამ, რომელთანაც ბათუმში ბინა ვიქირავე, ჭიქაში ჩამიხედა და მითხრა, ორი გზა გაქვსო: „ერთი უკან მიდის და სიბნელეში იკარგება, მეორე კი უცხო მიწისკენ მიემართება“. ასე ხომ არ ცდილობდა მივეხვედრებინე, რომ იცოდა ჩემი მიზნები? თუ თავად ბედი მაძლედა ნიშანს?

***

20 წელი ის იყო შემისრულდა, გამბედავი, ჯიუტი, დამოუკიდებელი და საკმაოდ ნაკითხი ბიჭი ვიყავი. მოგზაურობა, ენების შესწავლა მინდოდა, აკრძალული ლიტერატურის კითხვა, ისტორია მაინტერესებდა, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, მედიცინა, იოგას მივსდევდი, ჰიპნოზს და ფსიქოტექნიკას, წერასაც ვცდილობდი. მე ხელს არ მაძლევდა ის გამოუვალი მდგომარეობა, რომელშიც მაშინ ყველანი ვიმყოფებოდით. პერსპექტივა, რომ ჯარში დამასახიჩრებდნენ, დიდად არ მომწონდა. მარტივად რომ ვთქვა, ციმბირში გავიზარდე და მიჩვეული ვიყავი, საკუთარი გზა თავად მეპოვა.

არ მინდა, თევზივით ღრმა წყლებში ვთვლემდე,

თავისუფალი არჩევანი - ეს არის ჩემთვის ღირებული,

ჩემი ტანჯვა, ჩემი საზრუნავი!

მაშინ ეს წინასწარმეტყველება შემთხვევითი არ მომჩვენებია. ერთი მხრივ, ის ჩემს რწმენას ამყარებდა, მეორე მხრივ კი, მაიძულებდა, უფრო მეტი სიფრთხილე გამომეჩინა. მკითხავს დავუჯერო თუ არა - ეს კითხვა არ დამბადებია. რუსეთი მისტიკური მხარეა. აქ ყველაზე ხშირად იბადებიან წინასწარმეტყველები და მკურნალები (ჩემი დიდი ბაბუა მირონიც ასეთი იყო), მძინარე ადამიანებს წინასწარმეტყველური სიზმრები ესიზმრებათ. ჩემი ძმა და დედა სწორედ ასეთ სიზმრებს ხედავდნენ ხოლმე. როდესაც მამა ფრონტზე წავიდა, დედამ არ იცოდა, რომ ჩემზე იყო ორსულად. მან სიზმარი ნახა, თითქოს ველზე ბაჭია დაიჭირა, შავი მბზინავი ბეწვით. ხელში რომ აიყვანა, მიხვდა, ბიჭი იყო. შემდეგ ბაჭია გაიქცა და დედა ხშირად იხსენებდა ამ სიზმარს მას შემდეგ, რაც ჩემი გაქცევის შესახებ გაიგო. წლების მერე, როცა უკვე საზღვარგარეთ ვცხოვრობდი, ერთხელ მითხრა, რომ ჩემი გაქცევა არ გაჰკვირვებია. „როდესაც ტომსკში სწავლობდი, ჩვენთან სახლში ბოშა მოვიდა და გვიმკითხავა, რომ შენ საზღვარგარეთ აღმოჩნდებოდი, წიგნს დაწერდი და მდიდარი კაცი იქნებოდი“. ამ წინასწარმეტყველების ნაწილი უკვე ასრულდა, მართალია, დიდი ქონება ვერ დავაგროვე, მაგრამ გადავრჩი, შემეძლო მესწავლა, მეცხოვრა და მეაზროვნა თავისუფლებაზე...

ამბობენ: სახლი იქაა, სადაც შენი გულიაო. რუსეთს თუ ვიხსენებ? იქ ჩემი ფესვებია, იმ მიწაში ჩემი ბებიები და ბაბუები წვანან, მამა, დედა, ძმა. ჩემი და იქ ცხოვრობს, დისშვილები, მეგობრები. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დახვრეტის განაჩენი 1990 წელს გააუქმეს, ხანდახან, უფრო ხშირად სიზმრებში, ქვეცნობიერად მაინც განგაში მიპყრობს ხოლმე, ახლა უკვე სრულიად უმიზეზო.

ხანდახან ღამე, როდესაც ვწვები,

საწოლი თითქოს რუსეთში მიდის.

აი, ჯარისკაცებს თხრილისკენ მივყავარ,

თხრილისკენ მივყავარ მოსაკლავად.

რა არის ეს კომპლექსური პოსტტრავმული აშლილობა, რომლითაც ბევრი იტანჯება, ვინც საბჭოთა რეალობა გამოიარა? რაც სამშობლო დავტოვე, მას შემდეგ სულ მცირე ორი სიცოცხლე გამოვიარე, ჯერ როგორც რუსმა ემიგრანტმა და მერე როგორც მსოფლიო მოქალაქემ“.

რეაბილიტაციის შემდეგ პატრუშევი ცხრაჯერ იყო რუსეთში ჩასული. 90-იან წლებში ის მუშაობდა უფროს კონსულტანტად სსრკ-ის საკითხებზე ორგანიზაციაში Conflict Resolution Network, CRN.

მას დაწერილი აქვს რამდენიმე წიგნი ინგლისურ ენაზე, მათ შორის ფუტურისტული რომანი Project Nirvana: How the War on Drugs was Won („პროექტი „ნირვანა“: როგორ გავიმარჯვეთ ნარკოტიკებთან ბრძოლაში“). ეს არის სატირა სოციალურ ექსპერიმენტზე, რომლის მიზანი საყოველთაო მშვიდობის დამყარებაა.

მისი ბოლო წიგნი „ტრანსცენდენტური მაიმუნი“ იყო. „მე აღვწერ ადამიანის არსებობის პირობებს ევოლუციის გადასახედიდან - პრიმატის ისტორიას, ძუძუმწოვრების ოჯახიდან, რომელიც წარმოუდგენელ სელექციას დაექვემდებარა და იმ სახით მოაღწია, რა სახითაც დღეს არსებობს“.

ბევრი განსაცდელის შემდეგ პიოტრ პატრუშევმა პირადი ბედნიერებაც იპოვა, ის დაქორწინდა ალისა მესერერზე და შვილთან, ანდრეისთან ერთად ავსტრალიაში გადასახლდა.

2010 წელს პატრუშევმა ინტერვიუ მისცა რუსულენოვან ავსტრალიურ გაზეთს „ედინენიეს“.

კორესპონდენტი: როდესაც ბიბისისა და რადიო თავისუფლებაში მუშაობდით, სტუდიაში ვის ხვდებოდით? გქონდათ გადაცემები კულტურაზე, ისტორიაზე, ხელოვნებაზე? თუ მხოლოდ პოლიტიკაზე? ყველაზე მეტად ვინ დაგაინტერესათ?

პ.პ.: თითქმის ყველაფერს ვაშუქებდი, თეატრალური რეცენზიით დაწყებული - სპორტით დასრულებული. სიცილით ვიხოცებოდით ბიბისიში, იუმორისტულ ჟურნალებს რომ ვაკეთებდით. რადიო თავისუფლების ეთერში მედიტაციას ვასწავლიდი. ვწვრთნიდი ვანესა რედგრეივს ბიბისიზე, ვცდილობდი, მისი გამჭვირვალე კოფთისთვის არ შემეხედა.

მაგრამ ყველაზე მეტად ვამაყობ გადაცემების სერიით ეკოლოგიასა და ფსიქოლოგიაზე, რომლებიც რადიო თავისუფლებაზე მქონდა. ეს „თავისუფლებისთვის“ ახალი რამ იყო.

კორესპონდენტი: თქვენ ჩვენი პლანეტის ცხელ წერტილებში მუშაობდით.

პ.პ.: კავკასიაში, ლივანში, ისრაელში. სემინარებს ვატარებდი კონფლიქტების დარეგულირებაში.

კორესპონდენტი: რას უპასუხებთ სკეპტიკოსებს, რომლებსაც არ სჯერათ, რომ დამოუკიდებლად გადაცურეთ საკმაოდ დიდი მანძილი?

პ.პ: პირველად ვამბობ ამას, სინამდვილეში თურქეთში მფრინავი თეფშით მივფრინდი. დეტალებს იხილავთ რომანში „როგორ დამიხსნა მფრინავმა თეფშმა სუკისგან“.

„მე ეს გავაკეთე“

„ჩავყვინთე და ჩუმად გავცურე... დაახლოებით 100 მეტრი თავისუფალი სტილით მივცურავდი. შემდეგ თავი ოდნავ ამოვყავი წყლიდან. სიგარეტის შუქი და ხმები უკან დარჩა. ცურვა და ყვინთვა განვაგრძე. ბინდში ნაპირი გაფერმკრთალდა. რამდენიმე ასეული მეტრის შემდეგ გადავბრუნდი და ზურგზე დაწოლილმა განვაგრძე ცურვა. ქალაქში პირველი შუქი აინთო. ოჯახები ვახშამზე იკრიბებოდნენ. მშვიდად, წყნარად საუბრობდნენ, კაცები ჭიქა წითელ ღვინოს სვამდნენ, ქალებს სუფრაზე მოჰქონდათ ცხარე ქართული კერძები, რომელთა შეყვარებაც უკვე მოვასწარი.

... ზღვა რიტმულად არწევდა სხეულს... გულში ერთი სიტყვა რეკდა ზარად: „თურქეთი, თურქეთი, თურქეთი“.... სიხარულმა, რომელიც ასეთი უეცარი იყო და უჩვეულო ბოლო პერიოდისთვის, მთლიანად მომიცვა. მე ეს გავაკეთე! გავიქეცი!“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG