Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა დმიტრი კოვტუნი, რომელსაც ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობაში სდებდნენ ბრალს


ალექსანდრ ლიტვინენკოს ფოტო ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის საავადმყოფოს შენობასთან, 2007 წლის ნოემბერი
ალექსანდრ ლიტვინენკოს ფოტო ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის საავადმყოფოს შენობასთან, 2007 წლის ნოემბერი

57 წლის ასაკში გარდაიცვალა დმიტრი კოვტუნი - ერთ-ერთი პირი, რომელიც ფიგურირებდა КГБ-ის და ФСБ-ის ყოფილი თანამშრომლის, ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობის საქმეში. ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო РИА, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის და ლიტვინენკოს მოწამვლის საქმის კიდევ ერთი მონაწილის, ანდრეი ლუგავოის სიტყვებზე დაყრდნობით.

კოვტუნის ახლობლების წრიდან წყარომ სააგენტო ТАСС-ს აცნობა, რომ კოვტუნის სიკვდილის მიზეზი გახდა კორონავირუსის ინფექციის შედეგები. იუწყებიან, რომ კოვტუნი მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

რუსეთის უშიშროების სამსახურების ყოფილი თანამშრომელი, ალექსანდრ ლიტვინენკო - რომელსაც დიდ ბრიტანეთში ჰქონდა მიღებული თავშესაფარი და დაზვერვასთან თანამშრომლობდა - ლონდონში, 2006 წელს გარდაიცვალა. ბრიტანეთის სამართალდამცავი ორგანოების მონაცემებით, ლიტვინენკო მოწამლული იყო რადიოაქტიური ნივთიერებით, პოლონიუმ-210-ით, რომელიც მის ჩაის შეურიეს, როცა ლიტვინენკო ხვდებოდა სპეცსამსახურების ყოფილ თანამშრომელს, ანდრეი ლუგავოის და ბიზნესმენ დმიტრი კოვტუნს.

კოვტუნი, ლუგავოი და რუსეთის ხელისუფლება უარყოფდნენ მათ კავშირს ლიტვინენკოს მკვლელობასთან.

ლიტვინენკოს მკვლელობის დასკვნით ანგარიშში გამოძიება აცხადებდა, რომ ეს იყო მკვლელობა, რომელიც განახორციელეს ანდრეი ლუგოვოიმ და დმიტრი კოვტუნმა, ხოლო ლიტვინენკოს ლიკვიდაციის ოპერაცია, "სავარაუდოდ", დამტკიცებული იყო პირადად ФСБ-ის შეფის, ნიკოლაი პატრუშევისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ.

2021 წლის 22 სექტემბერს ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ რუსეთი პასუხისმგებლად სცნო ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობაში. რუსეთის ხელისუფლების მკვლელობასთან კავშირი სასამართლომ დაახასიათა როგორც prima facie, ანუ "ცხადი". სასამართლო აღნიშნავდა, რომ რუსეთის ხელისუფლებას არ წარმოუდგენია რაიმე დამაჯერებელი ახსნა-განმარტება, რომელიც უარყოფდა მოვლენათა განვითარების ბრიტანულ ვერსიას, და რუსეთის ხელისუფლებას საჭირო ფორმით არც მკვლელობა გამოუძიებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG