რამდენიმე კვირის შემდეგ პირველად, ღამით, კიევში აფეთქებები იყო, აცხადებენ უკრაინის ოფიციალური პირები.
“რამდენიმე აფეთქება მოხდა დედაქალაქის დარნიცკის და დნიპროვსკის რაიონებში“, - დაწერა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ Telegram-ზე 5 ივნისს და დაამატა, რომ შემთხვევის ადგილზე მაშველები იმყოფებოდნენ.
კლიჩკოს თქმით, ერთი ადამიანი დაშავდა, დაღუპულების შესახებ კი ინფორმაცია არ არის. აფეთქებების მიზეზი უცნობია.
მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში რეგულარულად ისმის საჰაერო თავდასხმის სირენები, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, სიმშვიდე იყო მას შემდეგ, რაც რუსეთმა თავისი ძალები გაიყვანა ტერიტორიიდან და გადაისროლა დონბასის რეგიონსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში.
ქვეყნის აღმოსავლეთით ქალაქ სევეროდონეცკში, ლუგანსკის რეგიონში, ინტენსიური ბრძოლები გრძელდება. უკრაინულმა ძალებმა 4 ივნისს განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ კონტროლირებადი ქალაქის ზოგიერთი ნაწილი დაიბრუნეს.
4 ივნისს ლუგანსკის რეგიონში სულ მცირე 11 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობდა ახლომდებარე ქალაქ ლისიჩანსკშიც.
რუსული დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა მიკოლაივში, განაცხადა 4 ივნისს მერმა ალექსანდრე სენკევიჩმა.
უკრაინის სამხრეთით, ოდესის რეგიონში რაკეტა მოხვდა სასოფლო-სამეურნეო საწყობს, რის შედეგადაც 4 ივნისს დილით ორი ადამიანი დაშავდა, წერს რეგიონის ადმინისტრაციის წარმომადგენელი Telegram-ზე.
ამ კვირის დასაწყისში შეერთებულმა შტატებმა დაამტკიცა კიდევ 700 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება უკრაინისთვის, მათ შორის ოთხი მძლავრი სარაკეტო სისტემა.
უკრაინამ 4 ივნისს განაცხადა, რომ თვითმავალი ნორვეგიული ჰაუბიცები ახლა განლაგებულია ფრონტის ხაზზე.
რუსეთის მიერ 24 თებერვალს უკრაინაში არაპროვოცირებული შეჭრის შემდეგ, ათასობით ადამიანი დაიღუპა და მილიონობით დევნილი გახდა.