ყაზახეთში ჩატარებული რეფერენდუმის მონაწილეთა 77.18%-მა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელთა თანახმად, ყაზახეთი სუპერ-საპრეზიდენტო მმართველობიდან უნდა გადავიდეს ძლიერი პარლამენტის მქონე საპრეზიდენტო მმართველობის ფორმაზე.
5 ივნისს ჩატარებული რეფერენდუმის წინასწარი შედეგები დღეს, 6 ივნისს გამოაქვეყნა ყაზახეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ ხმა მისცა 18.66%-მა. ბათილად გამოცხადდა ბიულეტენების 1.58%. ამომრჩეველთა აქტივობა იყო 68.06%.
რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახურის ინფორმაციით, დამოუკიდებელი დამკვირვებლების შეფასებით, რეფერენდუმის მიმდინარეობისას იყო დარღვევები, მათ შორის, ხმის მიცემის ფარულობის პრინციპის და ბიულეტენის გაცემის წესის დარღვევა, ფოტო და ვიდეოგადაღების აკრძალვა და მეთვალყურეთა თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვა.
ყაზახეთის პრეზიდენტ ტოყაევის მიერ საკონსტიტუციო რეფორმის ინიციირებას წინ უძღოდა 2022 წლის იანვარში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირება და ძალაუფლებაზე ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ნაზარბაევის და მისი ნათესავების წვდომის დაკარგვა.
დაწერეთ კომენტარი