მოსკოვის ტვერსკის რაიონის სასამართლომ რადიო თავისუფლება კიდევ 20 მილიონი რუბლით, ანუ დაახლოებით 328 000 ამერიკული დოლარით დააჯარიმა იმ ინფორმაციის არწაშლის გამო, რომელთან წვდომაც "შეზღუდვას ექვემდებარება". საუბარია პუბლიკაციებზე უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ.
სააგენტო ТАСС-ს სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ორშაბათს, საერთო ჯამში, 20 პროტოკოლი იყო განხილული რადიო თავისუფლებასთან მიმართებით. მანამდე სასამართლოში შევიდა 60 პროტოკოლი, რომელთა საფუძველზეც დაწესდა ჯარიმა 55.8 მილიონი რუბლის, ანუ დაახლოებით 914,800 ამერიკული დოლარის საერთო ოდენობით.
24 თებერვალს "როსკომნადზორმა" დაბლოკვის მუქარით რუსეთის მედიასაშუალებებისგან მოითხოვა, უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებულ მასალებში მხოლოდ "რუსეთის ოფიციალური ინფორმაცია" გამოიყენონ - რუსეთის ხელისუფლება მოითხოვს, უკრაინაში შეჭრას ეწოდოს "საგანგებო საომარი ოპერაცია".
ომის დაწყების შემდეგ რუსეთში დაიბლოკა პრაქტიკულად ყველა დამოუკიდებელი მედიასაშუალება, უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაციის გავრცელების საბაბით.
რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ვებსაიტის დაბლოკვა რუსეთში 4 მარტს დაიწყეს. ამის მიზეზად "როსკომნადზორმა" დაასახელა "ყალბი ცნობების გავრცელება უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე [პროცესებთან] დაკავშირებით".
დაწერეთ კომენტარი