Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა განაგრძობს ბრძოლას სევეროდონეცკის შესანარჩუნებლად


"უკრაინის თავდაცვის საერთაშორისო ლეგიონის" ჯარისკაცები სევეროდონეცკში, ლუგანსკის ოლქი, 2 ივნისი, 2022 წ.
"უკრაინის თავდაცვის საერთაშორისო ლეგიონის" ჯარისკაცები სევეროდონეცკში, ლუგანსკის ოლქი, 2 ივნისი, 2022 წ.

უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ფართომასშტაბიანი ინტერვენციის 103-ე დღეს საომარი დაპირისპირების მთავარ კერას წარმოადგენს აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე ქალაქი სევეროდონეცკი, სადაც უკრაინის დამცველები ყველა ქუჩისთვის ხელჩართულ, მძიმე და უთანასწორო ბრძოლებს აწარმოებენ მოწინააღმდეგის ჭარბ ძალებთან.

„ჩვენ ლამის ყველა სახლისთვის, ყველა ქუჩისთვის ვიბრძვით, არის დღე, როცა შეიძლება ერთი კვარტლით წავიწიოთ წინ, მაგრამ არის ისეთი დღე, როდესაც ერთი კვარტლით უკან გვახევინებენ. ასე გრძელდება მუდამ და ასე გაგრძელდება. თუ ჩვენს მხარეს სურს მისი შენარჩუნება, მაშინ ქვეითი ძალების გამძლეობის იმედად ყოფნის გარდა აქ საკმაო ძალები და საშუალებები - ტანკები და არტილერიაა საჭირო“, - უთხრა უკრაინის ნაციონალური გვარდიის ბატალიონ „თავისუფლების“ მეთაურმა, კაპიტანმა პიოტრ კუზიკმა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს.

რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფები ლუგანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონეცკის გარეუბნებში მაისის ბოლოს შევიდნენ. ამის შესახებ ტელეგრამარხის საშუალებით ცნობა ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი გაიდაიმ, გაავრცელა.


სევეროდონეცკის ასაღებად, რუსეთი მთელი კვირაა იყენებს ყველანაირ შეიარაღებას და ავიაციას, თუმცა, უკრაინელი სამხედროები პოზიციებს მყარად იცავენ, რათა რუსულ ძალებს ქალაქის სიღრმეში შეჭრის შესაძლებლობა არ მისცენ.

უცხოელი და უკრაინელი მებრძოლების სევეროდონეცკი


უკრაინელი ჯარისკაცების მხარდამხარ სევეროდონეცკს იცავს მოხალისეთა ბატალიონი, რომელშიც ავსტრალიის, ბრაზილიის, საქართველოსა და საფრანგეთის წარმომადგენლებიც იმყოფებიან.

„ეს საქართველოს ომიც არის. მე მხოლოდ 20 წლის ბიჭი ვარ და ვფიქრობ, რომ მართალ საქმეს ვაკეთებ. ჩვენ ვაპირებთ რუსები უკან გავაძევოთ. ერთი დღე დასჭირდება ამას, ერთი თვე თუ ერთი წელი, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. ჩვენ ისტორიის მართალ მხარეზე ვდგავართ და ამიტომ დავრწმუნდებით, რომ ყველა ჩვენგანი დაბრუნდება თავის ოჯახში, და დავრწმუნდებით, რომ ოკუპანტები ვერ გააკეთებენ იგივეს“, - უთხრა ქართველმა მოხალისემ, ზურა კეკელიძემ, რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ჟურნალისტ მარიან კუშნირს, რომელიც სევეროდონეცკში იმყოფებოდა და სპეციალური რეპორტაჟი მოამზადა „უცხოურ ლეგიონზე“.

ჩვენმა უკრაინელმა კოლეგამ სევეროდონეცკის მისადგომებამდე მათთან ერთად ჯავშანმანქანით იმგზავრა და საკუთარი თვალით ნახა, თუ რას წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო ძალების იერიშის ობიექტად ქცეული ეს ქალაქი, რომელიც მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია.

„ყველგან გიზგიზებს ხანძარი, სევეროდონეცკში მიმდინარეობს ქუჩის ბრძოლები. სიტუაცია რთულია. ადგილი აქვს ასევე საარტილერიო მხარდაჭერას. უკრაინის ჯარი ინარჩუნებს თავის პოზიციას და ჩვენ მათკენ მივემართებით დასახმარებლად მიმავალ „უცხოეთის ლეგიონთან“ ერთად“, - ჰყვება მარიან კუშნირი.

ჯავშანმანქანის მძღოლ-მექანიკოსმა, უკრაინელმა ჯარისკაცმა მას უამბო, რომ მტრის განუწყვეტელი ცეცხლის ქვეშ მყოფ ქალაქ სევეროდონეცკში მყოფ დამცველებს, დამხმარე ძალის გარდა, წყალს, მედიკამენტებსა და აღჭურვილობასაც აწვდიან.

„ჩვენ მიგვყავს ისინი ჩვენი იმ მოიერიშე რაზმების დასახმარებლად, რომლებიც წინ მიიწევენ. ასევე მიგვაქვს მათთვის წყალი, აღჭურვილობა და მედიკამენტები. თუ არიან დაჭრილები, ისინი უკანა გზაზე თან მოგვყავს. ახლა ჩვენი ამოცანა იმ ქუჩების გაწმენდაა, რომლის შესახებ ბრძანება მეთაურებისგან მივიღეთ. ჩვენ ვიცავთ ამ ქუჩებს, ვამაგრებთ, ხოლო სხვა ქვედანაყოფები წინა ხაზზე გადიან, რათა იქიდან განაგრძონ შემდგომი წინსვლა და უკან დაიბრუნონ ჩვენი ტერიტორიები“, - ჰყვება უკრაინელი ჯარისკაცი.

მასთან ერთად ეკიპაჟში იმყოფება ავსტრალიელი მოხალისე, სახელად მეტი, რომელიც მოხიბლულია, როგორც თავად ამბობს, იმით, რომ უკრაინის თავდაცვის საქმეში ამდენი უცხოელი მოხალისე მონაწილეობს.

"უკრაინის თავდაცვის საერთაშორისო ლეგიონის" ჯარისკაცები სევეროდონეცკში, ლუგანსკის ოლქი, 2 ივნისი, 2022 წ.
"უკრაინის თავდაცვის საერთაშორისო ლეგიონის" ჯარისკაცები სევეროდონეცკში, ლუგანსკის ოლქი, 2 ივნისი, 2022 წ.

„მას შემდეგ, რაც აქ ვიმყოფები, საოცარია იმის ნახვა, თუ რამდენი ადამიანია ჩამოსული მთელი მსოფლიოდან, რათა დაეხმარონ გასაჭირში მყოფ ქვეყანას. მე ვფიქრობ, რომ ეს მართლაც არის შთაგონება, როდესაც ყველა ეს მებრძოლი, რომელსაც წარსულში გამოცდილება აქვს, დახმარების ხელს უწვდის სხვებს, დგება და მოხალისე ხდება. მე ავსტრალიიდან ვარ. ეს საკმაოდ შორს არის, აქამდე ჩამოსვლაც საკმაოდ რთული იყო, მაგრამ ეს ნაბიჯი გადავდგი. ასე რომ, იმედი მაქვს, რომ უფრო მეტ ხალხს შთავაგონებ, რომ იგივე გააკეთონ“, - ამბობს ავსტრალიელი მოხალისე.

6 ივნისს 103 დღე გავიდა უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის არმიის შეჭრიდან. დღევანდელი მონაცემებით, ყველაზე ცხელ წერტილად კვლავ რჩება ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი სევეროდონეცკი და მისი შემოგარენი.

ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი გაიდაიმ სევეროდონეცკში შექმნილ ვითარებას „სტაბილურად რთული“ უწოდა.

რატომ არის ასე მნიშვნელოვანი რუსეთისთვის სევეროდონეცკი?


ლუგანსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, სევეროდონეცკისთვის კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა თითქმის 100%-ითაა დანგრეული და დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების 90%. მისივე ცნობით, უკრაინის კონტროლქვეშ რჩება სევეროდონეცკის მეზობელი ქალაქი ლისიჩანსკი.

კიევზე რუსული არმიის წარუმატებელი შეტევის შემდეგ, რუსეთმა ძირითადი ძალები გადაისროლა უკრაინის აღმოსავლეთში, „დონბასზე სრული კონტროლის დასამყარებლად“.

რატომ მიეცა ამ პატარა დასახლებულ პუნქტს, პატარა ქალაქს ასეთი დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა? და დონბასის ტერიტორიის რა ნაწილს აკონტროლებს რუსეთის ჯარი ფართომასშტაბიანი ომის 103-ე დღეს? - ამ შეკითხვით რადიო თავისუფლებამ მიმართა უკრაინაში მებრძოლ ქართველს, ირაკლი ქურასბედიანს.

„სევეროდონეცკი ზომით მეორე დასახლებული პუნქტია, თუ არ ვცდები, კი, ასეა, თავად ლუგანსკის შემდეგ. ლუგანსკი მოწინააღმდეგეს უკავია 2014 წლიდან და მათთვის, პოლიტიკურ ჭრილშიც, განაცხადიც რაც ჰქონდათ, რომ ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ეს ტერიტორიაო, - მათთვის ახლა გრავიტაციის ცენტრს წარმოადგენს ომის ამ ეტაპზე, ამ ფაზაში ლუგანსკის ტერიტორიაზე მათი მხრიდან დაკავებისთვის“, - ამბობს ირაკლი ქურასბედიანი.

სევეროდონეცკი კიევის კონტროლის ქვეშ არსებული ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია. ამასთან, არსებობს საექსპერტო შეფასება, რომლის თანახმად, სევეროდონეცკისთვის მიმდინარე ოპერაციით შესაძლოა, დასრულდეს რუსეთის იერიში. ამის შესახებ ანგარიში ომის შემსწავლელმა ამერიკულმა ინსტიტუტმა(ISW) გამოაქვეყნა.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ სევეროდონეცკის ხელში ჩაგდება საშუალებას მისცემს რუსეთს, განაცხადოს, რომ მთლიანად იგდო ხელთ ლუგანსკის რეგიონი (რუსეთი მას დამოუკიდებელ "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკად" მიიჩნევს).


უკრაინის დამცველების წინაშე კი დგას ამოცანა, რომ არ მისცენ რუსეთს შესაძლებლობა, აღებულად გამოაცხადონ ლუგანსკის ოლქი, რის გამოც, როგორც ირაკლი ქურასბედიანი ამბობს, უკრაინის ჯარი აგრძელებს ბრძოლას ქალაქის თითოეული ქუჩისთვის.

„რა თქმა უნდა. აი, ახლა, მაგალითად, სევეროდონეცკს ვერ აკონტროლებენ, დიდ ქალაქებს გეტყვით: ლისიჩანსკი - ჩვენია. ეს ლისიჩანსკი და სევეროდონეცკი რუკაზე რომ ნახოთ, გადაბმულია ერთმანეთზე ეს ორი აგლომერაცია. სამხედრო თვალსაზრისით, თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია გავმაგრდეთ ლისიჩანსკში და არ ვიბრძოლოთ სევეროდონეცკში, იმიტომ, რომ ის მდინარის მეორე მხარეზეა და უფრო დაბლაა ლისიჩანსკზე და ლისიჩანსკს ცეცხლით, ასე ვთქვათ, შეუძლია დახუროს მთელი სევეროდონეცკი. მაგრამ გვაქვს საშუალება და გვიჭირავს [სევეროდონეცკი]. ბახმუტი, უზარმაზარი ცენტრია, ეს უკვე დონეცკის ოლქია, მაგრამ ეს ერთად რომ წარმოვიდინოთ, აღმოსავლეთ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქი ერთად; კრამატორსკი, სლავიანსკი, ასეთი დიდი ქალაქები, (გასაგებია, რომ მარიუპოლი და რიგი დასახლებული პუნქტები დაკარგულია) და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი კვანძები მომარაგების კუთხით მთელი ამ ფრონტისთვის, და ეს კვანძებიც ჩვენ ხელშია“, - ამბობს ქურასბედიანი.



რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“.

კოლექტიური დასავლეთი რუსეთს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიაში ადანაშაულებს და მოუწოდებს, შეწყვიტოს საომარი მოქმედება და დატოვოს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ რუსი ოკუპანტები უკრაინაში ჩიხში არიან და მათი „სპეციალური ოპერაცია“ გაკოტრდა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG