ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში მიმდინარეობს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფების 107-ე შეხვედრა. ის პირველია მას შემდეგ, რაც მაისში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგად, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების სათავეში მოვიდა ახალი „პრეზიდენტი“ ალან გაგლოევი.
დღევანდელი შეხვედრის დაწყებამდე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ერგნეთში ჟურნალისტებს უთხრა, რომ განიხილავენ წინა, 12 აპრილს გამართული შეხვედრის შემდეგ მომხდარ ინციდენტებს, მთავარი აქცენტი კი, ისევ გაკეთდება უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებაზე. ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაშია ე.წ. საზღვართან დაკავებული 7 მოქალაქე. ორი მათგანი, 2021 წლის დეკემბერში დაკავებული მამუკა ჩხიკვაძე და 2022 წლის მარტში დაკავებული ლევან მაჩაბელი ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები არიან.
ჟურნალისტების შეკითხვას, შესაძლებელია, თუ არა ახალი, ე.წ. პრეზიდენტის, ალან გაგლოევის მიერ ქართველი პატიმრების „შეწყალება“, ირაკლი ანთაძემ უპასუხა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ: „ჩვენი ძალისხმევა მიმართულია ჩვენი თანამოქალაქეების ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანაზე. ამ კონტექსტში ვმუშაობთ ფორმატის ყველა მონაწილესთან, ამ კონტექსტში მუშაობენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. იმედია, და ფორმას ეხლა ამ შემთხვევაში... მთავარი არის, რომ თითოეული მათგანი რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს საკუთარ ოჯახებში“
ერგნეთის შეხვედრის დღის წესრიგში კვლავ არის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის მოწყობის სამუშაოები. როგორც ირაკლი ანთაძემ თქვა, უკანონო ბორდერიზაცია ბოლო ხანს ისევ გადავიდა აქტიურ ფაზაში და მოიცვა შიდა ქართლის, პრაქტიკულად, ყველა მუნიციპალიტეტი, განსაკუთრებით, გორის და ქარელის მუნიციპალიტეტები. ანთაძის თანახმად, ბოლო პერიოდში ე.წ. ბორდერიზაცია სხვადასხვა მონაკვეთზე მოიცავდა სხვადასხვა სამუშაოს - მეტალის კონსტრუქციების აღმართვას, ხნულების გავლებას და ადრე დადგმული ბარიერების განახლებას.
ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ამოქმედდა. პროცესს ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ.