Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი: მე ისინი მძულს


ფოტო არქივიდან: დმიტრი მედვედევი და ვლადიმირ პუტინი. მოსკოვი, 2017 წლის ივნისი
ფოტო არქივიდან: დმიტრი მედვედევი და ვლადიმირ პუტინი. მოსკოვი, 2017 წლის ივნისი

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა სიძულვილით ახსნა ტელეგრამ-არხზე მისი პოსტების სიმძაფრე.

მედვედევმა ტელეგრამით სარგებლობა უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ, მარტიდან დაიწყო და 395 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. მისი საჯარო პოსტები ძირითადად, ეხება უკრაინას, დასავლეთის სახელმწიფოებს და მათ პოლიტიკოსებს.

დღეს, 7 ივნისს, მედვედევმა ტელეგრამზე დაწერა, რომ ხშირად ეკითხებიან, რატომაა მისი პოსტები ასეთი მძაფრი, რასაც ასე პასუხობს: „მე ისინი მძულს. ისინი ნაძირალები და გადაგვარებულები არიან. მათ უნდათ სიკვდილი ჩვენთვის, რუსეთისთვის. და სანამ ცოცხალი ვარ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ისინი გაქრნენ“.

2008 წელს, საქართველოს წინააღმდეგ ომის დაწყების დროს, დმიტრი მედვედევი რუსეთის პრეზიდენტი იყო. საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, მან საქართველოს ორი ტერიტორია - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა. პრეზიდენტობის შემდეგ, 2012 წლის მაისიდან 2020 წლის იანვრამდე ეკავა რუსეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, დღეს კი უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ მუშაობს.

XS
SM
MD
LG