Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"კაზაკების მხარე". რატომ გაუქმდა კირკოროვის კონცერტი სტავროპოლში


​​​​ვლადიმირ პუტინი ფილიპ კირკოროვთან ერთად სახელმწიფო ჯილდოების გადაცემაზე კრემლში, 2017 წლის 15 ნოემბერი. 
​​​​ვლადიმირ პუტინი ფილიპ კირკოროვთან ერთად სახელმწიფო ჯილდოების გადაცემაზე კრემლში, 2017 წლის 15 ნოემბერი. 

​​​​​​​სტავროპოლის მხარეში მომღერალ ფილიპ კირკოროვის კონცერტი გაუქმდა. ოფიციალურ მიზეზად მორწმუნეების შელახული გრძნობები დასახელდა. ბოლო წლებში ამ მიზეზით  ჩრდილოეთ კავკასიაში არაერთხელ გაუქმდა სხვადასხვა ღონისძიება. ახლა ტრადიციონალისტთა უკმაყოფილებას უკრაინასთან ომის გამო დაძაბულობაც დაემატა.

კირკოროვის საიუბილეო შოუ 19 ივნისს პიატიგორსკში უნდა გამართულიყო. ჩრდილოეთ კავკასიის ფილარმონიაში განმარტეს, რომ კონცერტი კულტურის სამინისტროსრეკომენდაციით“, ასევე პიატიგორსკის ადმინისტრაციისა და მოსახლეობის მიმართვის საფუძველზე გააუქმეს, გაითვალისწინეს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის„აზრიც“.

„ფილარმონიის ადმინისტრაციას არ შეუძლია გავლენა მოახდინოს არტისტის რეპერტუარზე, მაგრამ პასუხისმგებელია სულიერ კომპონენტზე, რომელიც სცენაზე იქნება… ჩვენ ვალდებულნი ვართ, ვუპასუხოთ საზოგადოების აზრს, რუსეთის კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელობას და რეგიონის ხელმძღვანელობას“, - თქვა ფილარმონიის დირექტორმა სვეტლანა ბერეჟნაიამ.

მისი თქმით, მორწმუნეები წერდნენ, რომარ უნდა დასცინო ღირებულებებს“. ჩიოდნენ არა მხოლოდ ქრისტიანები, არამედ ბუდისტები და მუსლიმებიც. ისინი უკმაყოფილოები იყვნენ კირკოროვის 55-ე წლის დაბადების დღის აღსანიშნავად აპრილში დადგმული ნომრით, რომელიც კრემლის სასახლეში გაიმართა. „მარიამ მაგდალინელის“ შესრულებისას სცენაზე მანათობელი ჯვარი გამოჩნდა, რომელზეც მსახიობი იყო „ჯვარცმული“. კირკოროვმა ჯვარზე შემდგარმა იმღერა.

სტავროპოლის მხარეში არტისტის შოუს გამართვის წინააღმდეგი იყო პიატიგორსკის ეპარქიაც.

მათ თქვეს, რომ კირკოროვის კონცერტის შესახებ სიახლე მართლმადიდებლებს გულზე არ მოხვდებოდათ, პროგრამაში რომ არ შედიოდეს ნომერი, რომლის დროსაც, აწ უკვე „არაახალგაზრდა იუბილარი გვერდზე გადაწვენილ ქრისტიანულ ჯვარზე მხიარულად ადის“.

კურთხეული კავკასიის მორწმუნეები სტუმართმოყვარეობით არიან ცნობილი, მაგრამ ღვთის რწმენასა და მსოფლიოს ყველა რელიგიის სიმბოლოების პატივისცემაზე დაფუძნებული მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები ჩვენთვის კიდევ უფრო ძვირფასია“, - დაწერა ეპარქიამ ტელეგრამში.

მართლმადიდებელმა აქტივისტმა და ბიზნესმენმა ეკატერინბურგიდან, სერგეი ალიევმა, კირკოროვის ექსტრემისტად აღიარების და მისგან მილიარდი რუბლის აღების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ბიზნესმენი თვლის, რომ მომღერალმა თავისი ნომრითსაჯაროდ შეურაცხყო, ფეხით გათელა წაქცეული ჯვარი“. მისი აზრით, არტისტმა „აღდგომის დროს არა მხოლოდ მორწმუნეების რელიგიური გრძნობები შეურაცხყო“, არამედეგოიზმი და ცინიზმი გამოავლინაიმ დროს, როდესაც რუსეთი უკრაინაშისპეციალურ ოპერაციასატარებს.

კირკოროვმა ნომრისთვის ბოდიში მოიხადა და განმარტა, რომ მორწმუნეების გრძნობების შეურაცხყოფის განზრახვა არ ჰქონია.

„ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ვინმეს რამეს დავუშავებდი. არც ბოროტი ან მკრეხელური განზრახვა ნომრის დადგმისას არ მქონია. ჩემთვის, როგორც მორწმუნე ადამიანისთვის, რელიგიური სიწმინდეები უაღრესად მნიშვნელოვანი და პატივსაცემია“, - თქვა მომღერალმა.

მანამდე კირკოროვი კიდევ ერთ სკანდალში გაეხვია: იგი მხარში დაუდგა შოუმენ მაქსიმ გალკინს, რომელმაც ომის საწინააღმდეგო პოზიცია დაიკავა. ამ პოზიციის გამო სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ტელეარხის RT-ის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა პაროდისტსა და ტელეწამყვანს „გეი“ უწოდა, რომელიც „ხანდაზმულ ქალზე გამდიდრებისა და კარიერული წარმატებისთვის“ დაქორწინდა.

კირკოროვმა თქვა, რომ სიმონიანს ასეთი შენიშვნების მიცემის უფლება არ ჰქონდა.

უახლოეს მომავალში კირკოროვს კიდევ ერთი კონცერტი აქვს დაგეგმილი სტავროპოლის მხარეში, რომელიც 20 ივნისს რეგიონის დედაქალაქში უნდა გაიმართოს. ადგილობრივი კულტურის სასახლის ცნობით, ოფიციალურად სპექტაკლი არ გაუქმებულა, თუმცა მაყურებლებმა ბილეთების დაბრუნება დაიწყეს.

მართლმადიდებლების ნაცვლად შეურაცხყოფილები

საიპუდინ გუჩიგოვმა მოძრაობის „ჩვენი სახლი ქალაქი გროზნოა“ ლიდერმა თქვა, რომ მან სხვა მუსლიმებთან ერთად მიმართა ხელისუფლებას და კულტურის სამინისტროს თხოვნით, აღკვეთონ კირკოროვის კონცერტები მთელ კავკასიაში. ხელისუფლების მომხრე აქტივისტის თქმით, მომღერალი მასხრად იგდებს „ქრისტიანობის სიმბოლოს“.

მისი თქმით, ქრისტიანების რელიგიური გრძნობების დაცვისთვის ბრძოლა პასუხია მართლმადიდებლების გადაწყვეტილებაზე, მხარში დასდგომოდნენ მუსლიმებს, როდესაც ისინი წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურამ აღაშფოთა.

"ამას კლერიკალიზაცია ჰქვია"

„ეს კაზაკთა სოფლების მხარეა, სადაც ფილიპ ბედროსოვიჩს ისედაც ძლივს იტანდნენ, მაგრამ მისი აქ ჩამოსვლა უკვე ნამეტანი აღმოჩნდა. მე მას ვურჩევდი, კონცერტები მოსკოვში, პეტერბურგში, ეკატერინბურგში ჩაატაროს და ამაზე გაჩერდეს. [არ არის საჭირო] ჩვენთან ჩამოსვლა, რადგან ჩვენი პროვინცია ძალიან კონსერვატიულია და განვითარებული მოვლენების პირობებში [იგულისხმება უკრაინაში ომი - რ.თ.] მოსახლეობის კონსერვატიული ნაწილი მკვეთრად გააქტიურდა. თუ ადრე კბილებს აღრჭიალებდნენ, ახლა ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ კონცერტი არ შედგეს“, - ამბობს პოლიტოლოგი დმიტრი ჟურავლიოვი.

მისი ვარაუდით, ხელისუფლებასაც შეიძლება ეშინოდეს კონცერტზე ექსცესების - თუ, მაგალითად, ვინმე მომღერლის ცემას ან დარბაზისთვის ცეცხლის მოკიდებას შეეცდება.

„რელიგიური ორგანიზაციები რუსეთში - როგორც მართლმადიდებლური, ისე მუსლიმური - ისე იქცევიან, თითქოს მხოლოდ მათ უნდა განსაზღვრონ საზოგადოებრივი ცხოვრება“, - შენიშნავს სოციოლოგი ზაიდ აბდულაგატოვი.

„ამას კლერიკალიზაცია ჰქვია. ეს ნიშნავს, რომ რელიგიური სტრუქტურები ითვისებენ სახელმწიფო ორგანოების უფლებებს. მათ ამის უფლება არ აქვთ. ისინი უკანონოდ იქცევიან და სახელმწიფო ამაზე თვალს ხუჭავს... თუ ხელისუფლება მსგავსი სახის ღონისძიებებს არ დაიცავს, შეიძლება სტუმრები ჩვენთან საერთოდ აღარ ჩამოვიდნენ“, - უთხრა „კავკაზ.რეალიის“ თანამოსაუბრემ.

  • უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მთელ რუსეთში უქმდება იმ შემსრულებლების კონცერტები, რომლებიც ომის წინააღმდეგ საჯაროდ გამოდიან. მაგალითად, გაუქმდა ანდრეი მაკარევიჩის, იური შევჩუკისა და ჯგუფ Bi-2-ის კონცერტები.
  • პარალელურად, ევროპაში უქმდება იმათი კონცერტები, ვინც მხარს უჭერს ე.წ. სპეცოპერაციას უკრაინაში ან უარს ამბობს მის დაგმობაზე. მაგალითად, თებერვალში მილანის „ლა სკალას“ თეატრში გაზაფხულამდე გადაიდო ღონისძიება, რომელშიც ვალერი გერგიევი მონაწილეობდა. ცნობილი დირიჟორი ჩრდილოეთ ოსეთიდან, მანამდე საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმირ პუტინის რწმუნებული იყო.
  • სამთავრობო საკონცერტო პროგრამა "Za Россию" (რუსეთისთვის), რომელიც აპრილსა და მაისის დასაწყისში ქვეყნის რეგიონებსა და ანექსირებულ ყირიმში გაიმართა, რუსეთის ბიუჯეტს თითქმის 100 მილიონი რუბლი დაუჯდა. ეს ყველაზე ძვირადღირებული სახელმწიფო კონტრაქტია, რომელიც რუსეთში ოდესმე მუსიკალური ღონისძიების გასამართად გაფორმებულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG