Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში აშშ-ის საელჩოსთან მდებარე მოედანს "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" დარქმევას უპირებენ


აშშ-ის საელჩოს შენობა მოსკოვში
აშშ-ის საელჩოს შენობა მოსკოვში

მოსკოვში, აშშ-ის საელჩოს მისამართი შეიცვლება და სავარაუდოდ, გახდება უკრაინის სეპარატისტული რეგიონის, რუსეთის მიერ კონტროლირებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მოედანი".

პრეზიდენტმა პუტინმა ამ "რესპუბლიკის" ე.წ. დამოუკიდებლობა უკრაინაზე რუსეთის არმიის თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე აღიარა.

მოსკოვის მერიაში ირწმუნებიან, რომ გამოკითხული მოსკოველების უმეტესობამ, 44.69%-მა მხარი დაუჭირა წინადადებას, რომ საელჩოსთან მდებარე, „უსახელო ტერიტორიას" ეწოდოს „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მოედანი“. აშშ-ის საელჩოსთან არსებული მონაკვეთისთვის „დონბასის დამცველთა მოედნის“ დარქმევის წინადადება ჰქონდათ მოსკოვის საქალაქო საბჭოს დეპუტატებს. ამ იდეას, როგორც მოსკოვის მერიაში აცხადებენ, მხარი დაუჭირა გამოკითხულთა 31.54%-მა.

აშშ რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის და მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია და უკრაინას მნიშვნელოვან სამხედრო და ფინანსურ დახმარებას უწევს.

მოსკოვში აშშ-ის საელჩოს ამჟამინდელი ოფიციალური მისამართია: დიდი დევიატინსკის შესახვევი 8. რამდენიმე წლის წინ, ვაშინგტონში რუსეთის საელჩოსთან მდებარე მოედანს უწოდეს მოსკოვში 2015 წელს მოკლული ცნობილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის სახელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG